ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა
 29/06/2021

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წარმოგიდგენთ ახალ გამოცემას, - „ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში". სამეცნიერო სტატიების კრებულის რედაქტორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი ქეთევან ხუციშვილი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, ეთნოლოგიის დოქტორი მირიან ხოსიტაშვილი. 

გამოცემაში შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით 2019 წელს თბილისში ჩატარებული სამეცნიერო კონფერენციის, „ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში", მასალები.

ინტერკულტურული კომუნიკაციის საკითხი თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების (გლობალიზაცია, მიგრაციები, კონფლიქტები) გამო განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.  კრებულის შემდგენლების აზრით, ამ საკითხების კვლევა და დისკუსია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანამედროვე გამოწვევების ანალიზში.