64 ქალის უნიკალური ისტორია წიგნში „ქალები საქართველოდან“
 22/10/2019

ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის "ქალები საქართველოდან" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი პლატფორის "ქალები საქართველოდან" ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გამოიცა. 


პლატფორმა „ქალები საქართველოდან" ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით 2016 წლიდან არსებობს და სამასამდე ისტორიას ითვლის. ამ პლატფორმამ საქართველოში მცხოვრები ყველაზე მეტი ქალი გააერთიანა სხვადასხვა გამოცდილებითა და ერთნაირი ხილული თუ უხილავი ბარიერებით.

გამოცემაში შევიდა 64 ქალის ისტორია. თითოეული მათგანი უნიკალურია. კრებულში  სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, შესაძლებლობების, რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობისა და გენდერული თვითგამოხატვის ადამიანები გაერთიანდნენ.

ღონისძიებაზე მკითხველებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ წიგნის გმირებს,  დაეთვალიერებინათ ინსტალაციები.

„თავიდან იყო პლატფორმა, რომელმაც 300-მდე ისტორია გააერთიანა. აქედან 64 ისტორია საკმაოდ რთულ თემებზე ღია, პირველ პირში გადმოცემული საუბრებით წიგნის სახით პირველად გამოვიდა. მასში შესულია გაუპატიურების შემთხვევაც კი, რომელსაც დაუფარავად, სახელის და გვარის მითითებით ყვება ერთ-ერთი ქალი. ამ ისტორიამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ქალების გადასარჩენად საზოგადოების სოლიდარობა აუცილებელია. ამ წიგნმა გამოკვეთა ისიც, რომ ქალები თავიანთი პრობლემებით სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებად იყოფიან -," აცხადებს წიგნის ერთ-ერთი ავტორი იდა ბახტურიძე.