წიგნის „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918" წარდგენა
 21/10/2019

21 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში გიორგი მამულიას და გიორგი ასტამაძის წიგნის „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918. დოკუმენტები და მასალები" წარდგენა გაიმართა. 

800-გვერდიანი წიგნი, რომელიც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა, შეიცავს გერმანული, ფრანგული, რუსული და ქართული არქივების საარქივო მასალებს იმ ქართული პოლიტიკური ორგანიზაციის და მისი წევრების შესახებ, როლებმაც პირველებმა მე-20 საუკუნეში, საერთაშორისო დღის წესრიგში დააყენეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეა. პირველი მსოფლიო ომის დროს გააცნეს ქართული და კავკასიური საკითხი კაიზერული გერმანიის პოლიტიკურ და სამხედრო წრეებს და ამით, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას 1918 წლის 26 მაისს. დღეს, როდესაც საქართველო კვლავ იბრძვის საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დასავლური არჩევანის დასაცავად, წიგნში შესული მასალები კარგ მაგალითს იძლევა იმისა, თუ როგორ იცავდნენ გიორგი მაჩაბელი, მიხაკო წერეთელი, პეტრე სურგულაძე, ლეო და გიორგი კერესელიძეები და კომიტეტის სხვა წევრები სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს ყველაზე გამოუვალ გარემოებებშიც კი.

წიგნი ეძღვნება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ქართველი გმირების ხსოვნას.