ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლობა და "თომას ზღაპრები" ფრანკფურტის ფესტივალზე
 12/10/2018

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელზეც წელს საქართველო მთავარი საპატიო სტუმარია, ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები,  გიორგი კეკელიძე და ლევან თაქთაქიშვილი ესწრებიან.  11 ოქტომბერს, საქართველოს პავილიონში, გიორგი კეკელიძის "თომას ზღაპრების" (გამოცემლობა "საქართველოს უნივერსიტეტი", 2016 ) გერმანული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გერმანულმა გამომცემლობამ, Lauinger Verlag-მა აღნიშნული მოვლენისთვის გამოსცა.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

"თომას ზღაპრები" ლამაზი ამბავია, რომელშიც საყვარელ და სასაცილო პერსონაჟებს შეხვდებით. მაგალითად, მეფეს საყირამალეთში და  სიტყვაყლაპიას. ფანტაზიაში ასეთი მოგზაურობა 4 წლის ბავშვისთვის სერიოზული საქმეა იმდენად, რომ მშობლებმა უნდა აუხსნან, ხაჭაპური რა არის და გამოუცხონ კიდეც. თომას ბებია ისე გემრიელად აცხობს, რომ გასინჯვა ჩვენც მოგვინდა. სალომე ხოტივარის ილუსტრაციები უხვი ფერებით გვახალისებს და, ამავე დროს, ფილიგრანულია. ყველა გვერდზე პატარა სანიშნეა, რომელიც ამბის გზამკვლევია. ეს მართლაც გამორჩეული წიგნი ფანტაზიის მოგზაურობაში გვეპატიჟება".- წერს გერმანული გამოცემა Hessenschau.

წიგნი გერმანულად თარგმნა ნანა კვარცხელიამ, ილუსტრაციები სალომე ხოტივარის, პროდიუსერი მაია სიმონიშვილი.  "თომას ზღაპრები"  მეორე წარდგენა გერმანიის ქალაქ  კარლსრუეში, წიგნის სპეციალურ ფესტივალზე, 20 დეკემბერს გაიმართება.  

ამავე ბაზრობაზე, ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული რესურსები საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან თაქთაქიშვილმა წარადგინა. 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყოველ წელს იმართება, 2018 წელს კი მთავარი სტუმარი საქართველო გახლავთ. წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, ღონისძიებისთვის მრავალი ქართველი ავტორის  ნაწარმოებები ითარგმნა, რაც მათ საერთაშორისო ცნობადობას ხელს შეუწყობს. 

 

აქვე გთავაზობთ მსხვილი გერმანული ტელეკომპანიის, ZDF-ის სპეციალურ რეპორტაჟს ფრანკფურტის ბაზრობასთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ქართველ მწერლებს გვაცნობს.  გადაცემა 4 სერიისგან შედგება და დღევანდელი საქართველოს რესპუბლიკის ცხოვრების მრავალ ასპექტს აშუქებს.