EBSCO-ს ბაზებზე წვდომა განახლდა
 13/01/2023

მოგახსენებთ, რომ 2024 წლამდე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის განახლდა წვდომა საერთაშორისო საბიბლიოთეკო კომპანიის, EBSCO-ს აკადემიური წიგნების სრულ კოლექციაზე, ეკოლოგიის სწავლებისა და გარემოს დაცვის საკითხების მონაცემთა ბაზებზე. მონაცემთა ბაზები ჩართულია ეროვნული ბიბლიოთეკისა და პარლამენტის შენობებში.

საერთაშორისო საბიბლიოთეკო კომპანიის, EBSCO-ს აკადემიური წიგნების სრული კოლექცია, ეკოლოგიის სწავლების, გარემოს დაცვის საკითხების მონაცემთა ბაზები ჩართულია ეროვნულ ბიბლიოთეკასა და პარლამენტის შენობაში.

eBook Academic Collection მრავალდარგობრივი მონაცემთა ბაზა წარმოდგენილია 170 000-ზე მეტი ელექტრონული წიგნით. ოქსფორდის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის, კემბრიჯის უნივერსიტეტის, კალიფორნიის, ჰარვარდისა და სხვა ცნობილი უნივერსიტეტების უახლესი გამოცემები EBSCO-ს მონაცემთა ამ ბაზაში სრულად შედის. მასში გაერთიანებულია ყველა სხვა ძვირადღირებული და ავტორიტეტული სამეცნიერო გამომცემლობების პროდუქცია. თემატიკა მოიცავს: ისტორიას, ხელოვნებას, განათლებას, ბიზნესსა და ეკონომიკას, ენასა და ლინგვისტიკას და სხვა. კოლექცია მუდმივად ახლდება.

Wildlife & Ecology Studies Worldwide უდიდესი საბუნებისმეტყველო კოლექციაა, რომელიც ინდექსირებულ ლიტერატურას წარმოგვიდგენს. მოცემული მასალები გვაცნობს ბუნებისა და ადამიანის ურთიერთქმედების საკითხებს, ცალკეული სახეობების განვითარებას, დასახლების ტიპებს, ეკოლოგიური ტურიზმისა და თანამედროვე ურბანიზაციის საკითხებს და ასე შემდეგ. აღნიშნულ კოლექციას წლიურად 170 000 კვლევა ემატება.

GreenFILE გვთავაზობს საერთაშორისო სამეცნიერო ცოდნას ადამიანის ზემოქმედების შესახებ გარემოს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის გლობალური დათბობა, ეკოლოგიური შენობები, ჰაერის სისუფთავე, მდგრადი კულტურებით ეკონომიკის განვითარება, განახლებადი ენერგია და სხვ. მონაცემთა ბაზა 384 000 ინდექსირებული სტატიის ანოტაციასა და 4700 ვრცელ ტექსტს გვიზიარებს.

საერთაშორისო საინფორმაციო კომპანია, EBSCO 1944 წლიდან არსებობს, დღეს კი მსოფლიო ბიბლიოთეკებს ყველაზე ძვირადღირებული ციფრული არქივებითა და მაღალციტირებადი გამოცემებით უზრუნველყოფს.

დამატებითი კითხვებითა და ვირტუალური ბიბლიოთეკით სარგებლობისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზის ფეისბუკის გვერდზე, ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: maiasimonishvils@gmail.com.

დიდი მადლობა ჩვენს უცხოელ პარტნიორებსა და ინოვაციური სისტემების მენჯმენტის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!