ვახტანგის სტამბის წიგნების გამოფენა ბუქარესტში
 08/10/2019

8 ოქტომბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ანთიმოზ ივერიელის ქალაქში, რუმინეთის ბოლო მეფის სასახლეში, რუმინეთის ეროვნული მუზეუმის მთავარ დარბაზში ვახტანგ მეექვსის სტამბის ყველა გამოცემა გამოიფინება

„ეს დღე დიდი დღეა საქართველოსთვის. დღემდე ასეთი რამ ძველნაბეჭდი ქართული წიგნის დაფასების მხრივ არ მომხდარა. ბუქარესტის ცენტრში, ანთიმოზის, ქართული სტამბის ჩუმი დამფუძნებლის, ქალაქში გამოიფინება ქართული ძველნაბეჭდი წიგნები. ყველა ეს გამოცემა საქართველოდან ჩავიტანეთ. ჩავიტანეთ ეროვნული ბიბლიოთეკის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემები. მათ დაემატა რუმინეთში დაცული ანთიმოზ ივერიელის მიერ დაბეჭდილი გამოცემები. ისინი ერთ საგამოფენო სივრცეშია განთავსებული. რუმინეთში საქართველოს საელჩოს მიერ დამზადებული საგამოფენო სტენდები და საელჩოს მიერვე შეგროვებული "ვეფხისტყაოსნის" რუმინული გამოცემები ამ გამოფენას ერთ საერთო ფონს აძლევს," - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი.  

გამოფენის მოწყობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს საელჩოს რუმინეთში და  ელჩს, ბატონ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილს.