ეროვნულ ბიბლიოთეკაში გურამ შარაძის მიერ დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნება
 28/07/2020

5 აგვისტოს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნება.

ქართული ემიგრაციის მუზეუმი 1994 წელს პროფესორმა გურამ შარაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა. მას ბოლო წლებში გადაწყვეტილი ჰქონდა, საბოლოოდ მუზეუმს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაედო ბინა. მეცნიერის სიცოცხლეში ეს ვერ განხორციელდა, საქმე მისმა მკვლელობამ შეაფერხა. მამის სურვილის შესრულება გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ ითავა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის ოფიციალური თანხმობით და რუსუდან შარაძის ძალისხმევით ქართული ემიგრაციის მუზეუმი ახლა უკვე ეროვნულ ბიბლიოთეკაშია.

მუზეუმში დაცულია ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების უძვირფასესი არქივები, პერიოდული გამოცემების სრული კოლექციები, უნიკალური წიგნები და სხვა მნიშვნელოვანი მასალა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 2017 წელს რუსუდან შარაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკას გურამ შარაძის მემორიალური კაბინეტი (ბიბლიოთეკა, არქივი, ავეჯი და სხვა უნიკალური ექსპონატები) გადასცა.