პიტერ სკინერს საქართველოს ისტორიისა და კულტურის დაცვისთვის ჯილდო გადაეცა
 22/05/2026

 

„ქართული დღეების" ფარგლებში, 19 მაისს, ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ასოციაციის სახელით,ბატონი პიტერ სკინერი დაჯილდოვდა. მას ჯილდო  საქართველოს ისტორიისა და კულტურის კვლევაში, დაცვასა და საერთაშორისო პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად გადაეცა. ამ დაჯილდოვებაში განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ გიორგი პაპაშვილის წვლილი, რომელიც რამდენიმე თვეა, ამ საკითხზე მუშაობდა. პიტერ სკინერი 1938 წელს დიდ ბრიტანეთში დაიბადა, იგი  მსახურობდა სამეფო საზღვაო ძალებში, დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი და ახალგაზრდობაში გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკაში  ასწავლიდა კერძო სკოლებში და მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.  მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გატაცება მოგზაურობაა,  ათწლეულების განმავლობაში აქტიურად მოგზაურობდა.

 

2006 წლიდან, პიტერი საქართველოთი განსაკუთრებით დაინტერესდა და თავისი კვლევების ორი ათწლეული ქართულ კვლევებს მიუძღვნა.საქართველოში მოგზაურობის პარალელურად, პიტერმა დაიწყო თანამშრომლობა სხვადასხვა გამოცემასთან, როგორც ინგლისურენოვანმა რედაქტორმა. მის პირველ ნამუშევრებს შორის იყო ვახტანგ ბერიძის საერთაშორისო სიმპოზიუმების შრომათა კრებულები, რომლებიც 2008 და 2009 წლებში თბილისში საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის მიერ გამოიცა. მას შემდეგ, როგორც ინგლისურენოვან ისტორიკოსსა და რედაქტორს, პიტერს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქართველი ავტორებისა და რედაქტორების მრავალ კრებულსა და მონოგრაფიაში. მოგვიანებით, კვლავ Narikala Publications-თან თანამშრომლობით, პიტერმა გამოსცა კიდევ ორი მნიშვნელოვანი წიგნი, რომლებიც მისი განსაკუთრებული შრომის გამო,  საავტორო ნამუშევრებადაც შეიძლება ჩაითვალოს: • კარლა სერენას Excursions in the Caucasus, რომელიც მან ფრანგულიდან თარგმნა (2015);• და არნოლდ ლ. ცისერმანის Twenty-Five Years in the Caucasus, რომელსაც მან ვრცელი სარედაქციო შენიშვნები დაურთო (2017).2019, 2024 და 2025 წლებში, ჩვენი ანგლო-ამერიკული დარბაზის  ძალისხმევითა და როძიანკოების ოჯახის მხარდაჭერით, პიტერმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა საკუთარი კერძო კოლექცია, 65 ყუთი წიგნი, რომლის დიდი ნაწილი საქართველოს კვლევებს (Georgian Studies) ეძღვნება. მათი ნაწილი უკვე ქართველოლოგიის განყოფილებაშია, ნაწილით კი მოგზაურთა კოლექციის ბიბლიოთეკა მზადდება, რომელიც ანგლო-ამერიკულ დარბაზში გათავსდება. ეს კოლექცია ბატონმა პიტერმა იშვიათი წიგნების სპეციალისტებთან ერთად, ათწლეულების  განმავლობაში შექმნა. ამ გამოცემებიდან ბევრი თბილისის ბიბლიოთეკებში საერთოდ არ მოიპოვებოდა, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, მსგავსი სიღრმისა და მასშტაბის კოლექცია არსად არსებობდა, რაც ამ საჩუქარს განსაკუთრებულ კულტურულ და სამეცნიერო მნიშვნელობას ანიჭებს. ეროვნული ბიბლიოთეკა ბატონ პიტერ სკინერს ერთგული მეგობრობისთვის დიდ მადლობას მოახსენებს და დაჯილდოვებას ვულოცავთ!