ქართველოლოგიის განყოფილების ახალი საცავი
 16/09/2019

ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის სამკითხველო დარბაზს ახალი საცავი შეემატა. სულ მალე აქ ქართველოლოგიის ფონდის ნაწილი განთავსდება და მკითხველთა მომსახურება კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

„ქართველოლოგიის განყოფილების საცავში 50 000-მდე ნაბეჭდი ერთეული ინახება. ყოველწლიურად კი განყოფილება ათასამდე ახალ წიგნს იღებს. ამას ემატება პერიოდული გამოცემები: გაზეთები და მიმდინარე ქართველოლოგიური შინაარსის ჟურნალები. 2-3 წელია საცავი გადაიტვირთა. ახალშემოსულმა წიგნებმა ისე მოიმატა, რომ მათ ვეღარ ვანთავსებთ საჭირო ადგილზე და ძალიან გაჭირდა მკითხველის მიერ გამოწერილი ლიტერატურის გაცემა. დირექციას მივმართეთ თხოვნით. მათ, რა თქმა უნდა, გაითვალისწინეს ჩვენი საცავის მძიმე პირობები და უზრუნველყვეს განყოფილება ახალი, კომფორტული თაროებით. ახალ თაროებზე განლაგდება ყველა ფორმატის უცხოური წიგნი, განყოფილებაში არსებული ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებთა კოლექციები ქართულ და უცხოურ ენებზე, კავკასიის შესახებ გამოქვეყნებული ლიტერატურა, თამარ მაჭავარიანის პირადი ბიბლიოთეკა, ავტოგრაფიანი წიგნები და სხვა" - განაცხადა ქართველოლოგიის განყოფილების უფროსმა ჟანა ქვათაძემ.