სალომე ზურაბიშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკას ჯანრი კაშიას წიგნები გადასცა
 09/05/2019

9 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში (ს. ცინცაძის 63) ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკა გაიხსნა.  

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ- მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და სხვა სტუმრები დაესწრნენ. 

ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკა, რომელიც მისმა მეუღლემ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადასცა ეროვნულ ბიბლიოთეკას, 2000-ზე მეტი უნიკალური გამოცემისგან შედგება. მათ შორისაა საბჭოთა პერიოდში აკრძალული ლიტერატურა, თვითგამოცემები, ქართველ ემიგრანტთა გამოცემები, პერიოდიკა ქართულ და უცხოურ ენებზე, ასევე ჯანრი კაშიას პირადი არქივი. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ეს კოლექცია ცალკე ფონდად შეინახა.  

„სასიხარულო და ბედნიერი დღეა. ეს არის დღე, როცა სრულდება ჯანრის დიდი ხნის ოცნება. წლების განმავლობაში აგროვებდა მთელს მსოფლიოში ამ წიგნებს. საქართველოდან რომ მიდიოდა, გაყიდა, რადგან არ იცოდა, როდის დაბრუნდებოდა. იქ დაიწყო ახალი წიგნების შეძენა და ყველგან თან დაატარებდა ამ წიგნებს.  რაც მახსოვს, სულ მუდამ საუბარი იყო, რომ მოდი, ვნახოთ სადმე ადგილი, სადაც ეს ბიბლიოთეკა განთავსდება და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. როცა ჩვენ დავბრუნდით საქართველოში, თან წამოვიღეთ წიგნები. რაღაც ნაწილი სახლშიც დავიტოვე, რომ ვიგრძნო, ის ისევ არსებობს, მაგრამ მისი სული აქაც არის. ყველა წიგნს აქვს მის მიერ გაკეთებული მინაწერები, სად ეთანხმება, რას არ ეთანხმება. ეს მნიშვნელოვანია. მისი დაბადების დღე იყო გუშინ, 80 წელი შეუსრულდებოდა, ეს საჩუქარი გაუხარდებოდა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკა მნიშვნელოვნად ავსებს ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების დეზიდერატას.

ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გასულ წლებში ასევე გადასცა ჯანრი კაშიას მიერ შეგროვილი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის არქივი, რომელიც დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში. აქვე ინახება სალომე ზურაბიშვილის მიერ გადმოცემული მამის, ლევან ზურაბიშვილის პირადი ბიბლიოთეკის უნიკალური გამოცემებიც.