„ეკვილიბრიუმი“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების ბიბლიოთეკებს განაახლებს
 03/11/2019

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი" საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) და გალფთან ერთად და ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქში ახორციელებს პროექტს, რომლის თანახმადაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში განახლდება ბიბლიოთეკა. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე კი თვეში ერთხელ ჩაატარებს გაკვეთილებს სკოლის მოსწავლეებისთვის.

2-3 ნოემბერს „ეკვილიბრიუმი" ახალქალაქის სამ სკოლას ეწვია. ამ სკოლების ბიბლიოთეკების ფონდები უახლესი ლიტერატურით განახლდა. გიორგი კეკელიძე კი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და მათთვის საინტერესო თემები განიხილა.

„კიდევ ერთ საპასუხისმგებლო საქმეს მოვეკიდე - ახალქალაქში მასწავლებლობა დავიწყე და პირველი გაკვეთილიც ჩავატარე. ყოველთვიურად ვივლი. თან ყველა სოფელში ბიბლიოთეკას მოვაწყობთ. სამ სკოლას უკვე ვესტუმრეთ - ახალქალაქის მეოთხე სკოლას, სოფლებს - არაგვას და კოთელიას",- განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

„შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. ყველა გახარებული იყო. ჩვენთვის ეს პროექტი პრიორიტეტია და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მის წარმატებით განხორციელებას. მოსწავლეებმა იციან, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელია. ამიტომ ბავშვების მხრიდან დიდი ინტერესი იყო. მათ ბატონი გიორგის მიმართ შეკითხვებიც ჰქონდათ ქართულ ლიტერატურასთან დაკავშირებით. იკითხეს, რომელი წიგნების წაკითხვას ურჩევდა ის მათ. შეხვედრები სამ სკოლაში გაიმართა, აქედან ერთი ქართული და ორი სომხური სკოლა იყო. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სულ 65 სკოლაა და პროექტში ყველა მათგანი ჩაერთვება", - აცხადებს ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ტერეზა ჩიფჩიანი.