შვინდის დროშებით გავაგიჟებ ყომრალ მოედანს
 12/06/2019

წარმოგიდგენთ ეროვნული ბიბლიოთეკის კიდევ ერთ საინტერესო გამოცემას, 1918-1921 წლებში პრესაში გამოქვეყნებული ლექსების კრებულს „შვინდის დროშებით გავაგიჟებ ყომრალ მოედანს". ლექსები ქართველმა პოეტებმა დამუკიდებლობის გამოცხადების დღეს, 26 მაისს მიუძღვნეს.

კრებულში შევიდა როგორც ცნობილი, ისე აქამდე სრულიად უცნობი ავტორების ლექსები, რომლებიც ამ სახით პირველად შეიკრიბა. კრებულის გამოცემის იდეა მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის თანამშრომელს ნინო სიხარულიძეს ეკუთვნის. იდეამ მაშინვე დაიმსახურა მოწონება, რადგან ეროვნული ბიბლიოთეკა ინტენსიურად სწავლობს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიულ დოკუმენტებს და 1918-1921 წლებში გამოცემულ პერიოდულ და სხვა გამოცემებს. ეს ინტერესი კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავმა გააღვივა. აქამდე სრულიად უცნობი პოეზიის ნიმუშების მნიშვნელობას კი კრებულის წინასიტყვაობის ავტორი, მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი ემზარ ჯგერენაია ასე ხსნის: „პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენა მხოლოდ მაშინ იძენს სხეულს, მხოლოდ მაშინ გადაიქცევა საერთო სულისკვეთებად, თუ მწერლობა ამ მოვლენას აღნიშნავს."