ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს ვიზუალური ისტორიის უნიკალური ნიმუშები შეიძინა
 03/06/2020

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმდიდრესი ფოტოარქივი კიდევ ერთი უნიკალური კოლექციით გაამდიდრა. 2800 უნიკალური ფოტო, რომელიც აქამდე ბაადურ ქობლიანიძის ოჯახის საკუთრება იყო, ახლა უკვე ეროვნული მემკვიდრეობა გახდა. 

„გილოცავთ და მოგვილოცეთ!
დასრულდა ორწლიანი მოლაპარაკება და თანმდევი პროცესიც: საქართველოში უდიდესი კერძო ფოტოკოლექცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის პროლოგის ჩათვლით ათასობით ძალიან ცნობილი თუ სრულიად უცნობი ფოტოსურათის ორიგინალი მომავალ წელს ჩვენს ფოტომუზეუმში წარმოგიდგებათ თემატურ გამოფენებად. საქართველოს ვიზუალური ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილის გადარჩენა - ამ ამბავს ასეც შეიძლება დავარქვათ. აქვე გთავაზობთ რამდენიმე სურათს გასული საუკუნის დასაწყისისას - მცირედს მცირედიდან - დიდი და საოცარი მოგზაურობა კი წინ გელით - უკვე დაზუსტებულ პირთა საძიებლით, ქრონოლოგიითა თუ კონტექსტებით" - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

„დიდი ამბავი უნდა გახაროთ, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უძვირფასესი ფოტოკოლექცია შეიძინა. 2800 უნიკალური ფოტო. ეს არაა ის ფოტოები, რომლებიც შეიძლება ნახოთ ინტერნეტში. უმეტესი მათგანი დღემდე არცერთ მუზეუმში არ იყო დაცული, ისინი საუკეთესოდაა შემონახული და ბევრი მათგანი საქართველოს კულტურის ისტორიის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია. ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა და მეგობრებმა კორონავირუსის პანდემიის დროს დიდი მხარდაჭერა გვაგრძნობინეს ამ კოლექციის აღწერის და შეძენის საქმეში"- განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა.