ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი სასკოლო ციფრული პლატფორმის შექმნა დაიწყო
 11/11/2019

ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული კოლექცია მამარდაშვილის ქვეკოლექცია „შოთა, ილია, აკაკი ვაჟა და გალაკტიონი" გააერთიანებს ამ და სხვა ქართველი ავტორების ყველა იმ ნაწარმოებს, რომელიც სკოლებში ისწავლება. ასევე შევა ის ლიტერატურა, რომელიც მასწავლებელს და მოსწავლეს ამ ავტორების სწავლებისას დასჭირდება.

დიდი ციფრული კოლექციის შექმნა დაწყებულია და მასში შესულია ილია ჭავჭავაძის ყველა ნაწარმოები, რომელიც სკოლაში ისწავლება. როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის კულტურის, მეცნიერებისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და პროექტის კოორდინატორი გიორგი კილაძე აცხადებს, „კოლექციის შედგენა ილიათი იმიტომ დაიწყო, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა ილია ჭავჭავაძის სახელობისაა. მუშაობა გრძელდება და კოლექცია მალე სხვა ავტორებითაც შეივსება".

„ჩვენ გვინდა სრულად მოვიცვათ სასკოლო მასალები, რომელშიც შევა არა მხოლოდ კონკრეტული ნაწარმოებები. ეს იქნება პირველი მერცხალი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას ლიტერატურაში, მათ შორის განხილვებს, ლექსიკონებს და სხვა,"- აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.