საერთაშორისო მონაცემთა ბაზა "მასობრივი დაკვირვების პროექტი 1981-2009 წლებში" სახლიდან წვდომისთვის
 14/07/2020

დღეიდან სექტემბრის ბოლომდე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის, სახლიდან სარგებლობის მიზნით ჩართულია უახლესი, საერთაშორისო მონაცემთა ბაზა "მასობრივი დაკვირვების პროექტი 1981-2009 წლებში".
აღნიშნული ციფრული ბიბლიოთეკა გაგრძელება გახლავთ დიდი ბრიტანეთის სასექსის უნივერსიტეტის მასშტაბური, სოციალური პროექტისა "მასობრივი დაკვირვება", რომელიც 1937 წლიდან მიზნად ისახავდა ევროპის მოსახლეობის, კერძოდ, დიდი ბრიტანეთის სოციალური ცხოვრებისა და საზოგადოებრივი განვითარების ტენდენციების აღწერას. ეს რესურსი ჩვენი მკითხველისთვის უკვე ხელმისაწვდომი იყო. მასში მონაწილეობდნენ პირადად მოსახლეობის წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, კვლევის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, საზოგადოებრივ მოვლენებსა და მოქალაქეთა ცხოვრებას წარმოგვიდგენენ. მონაცემთა ბაზა უახლესია და მუდმივად ივსება.
ვფიქრობთ, აღნიშნული პროექტი საინტერესოა მათთვის, ვისაც უახლესი ისტორია, ევროპული კულტურა და სოციალური მოვლენების განვითარება აინტერესებს.
ციფრული კოლექცია ეკუთვნის საერთაშორისო ციფრულ ბიბლიოთეკას Adam Matthew Digital, რომელიც ინგლისურენოვანი ქვეყნების სხვადასხვა არქივების უნიკალურ, დარგობრივ ციფრულ კოლექციებს აერთიანებს.
დამატებითი ინფორმაციისა და სახლიდან სარგებლობისთვის პაროლის მისაღებად მოგვწერეთ ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის ფეისბუკის გვერდზე, ან ელ. ფოსტაზე: maiasimonishvils@gmail.com
გისურვებთ ჯანმრთელობასა და სასიკეთო სიახლეებს!