ანთიმოზ ივერიელის მიერ გამოცემული სახარება ეროვნულ ბიბლიოთეკაშია
 19/04/2019

ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდს უმნიშვნელოვანესი ექსპონატი, ანთიმოზ ივერიელის მიერ რუმინეთში, სნაგოვოში 1697 წელს რუმინულ ენაზე გამოცემული სახარება შეემატა.

„უდიდესი ამბავი! საქართველოში, ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში ანთიმოზ ივერიელის მიერ დაბეჭდილი წიგნი დაიდებს ბინას - სნაგოვში 1697 წელს გამოცემული სახარება რუმინულ ენაზე. წიგნი რუმინეთში აღმოჩნდა და მოლაპარაკებების შედეგად შევიძინეთ. მისი პირველადი რესტავრაცია დასრულდა და უკვე შეგვიძლია საზოგადოებას ვამცნოთ ეს ისტორიული ამბავი"- განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

ანთიმოზ ივერიელის სახელს უკავშირდება საქართველოში წიგნის ბეჭდვის ისტორია. ანთიმოზმა საქართველოში სტამბის გასამართად თავისი ერთ-ერთი საუკუთესო მოწაფე მიხაილ იშტვანოვიჩი გამოგზავნა, რომელსაც თან სტამბის მთელი მოწყობილობა და ევროპაში დამზადებული ქაღალდიც ჩამოუტანია. ამის შესახებ ცნობებს საქართველოში 1709 წელს დაბეჭდილ პირველ წიგნში, „სახარებაში" ვკითხულობთ. წინათქმაში ვახტანგ მეექვსე მოიხსენიება პირველი ქართული სტამბის დამაარსებლად, ხოლო მიხაილ უნგროვლახელი სტამბის გამმართველ ოსტატად. არსებობს ვარაუდი, რომ 1709 წელს დაბეჭდილ სახარებაში გამოყენებული მოკაზმულობის ზოგიერთი კლიშე ანთიმოზ ივერიელის მიერ იყო დამზადებული.  

დღემდე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანთიმოზ ივერიელის არცერთი გამოცემა არ ყოფილა დაცული. 1697 წელს სნაგოვში ანთიმოზ ივერიელის მიერ დაარსებულ სტამბაში დაბეჭდილი „სახარება" საშუალებას მისცემს ქართველ მკვლევრებს, იმუშაონ ვახტანგ მეექვსისა და ანთიმოზ ივერიელის გამოცემების შედარებაზე.

1697 წლის სახარება გამოიფინება წიგნის მუზეუმში, სადაც ყველა მსურველს შეეძლება მისი ნახვა.