დღეს ფერიდეს დაბადების დღეა ფერიდეს გარეშე...
 04/06/2019

გთავაზობთ ფერიდე კვაჭანტირაძის ავტობიოგრაფიას, რომელიც მან მისთვის ჩვეული საინტერესო თხრობის მანერით დაწერა წიგნისთვის „ბიბლიოთეკარი-პროზაიკოსი".

„დავიბადე 1941 წლის 4 ივნისს, მამის ომიდან დაბრუნებამდე და მიღებული ჭრილობების მოშუშებამდე ვიზრდებოდი დედულეთში, სოფელ საგარეჯოში, პაპა-ბებოსთან.

7 წლის ასაკში მიმაბარეს ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საშუალო სკოლაში. ბევრს ვკითხულობდი. წაკითხულის გაანალიზება და შეფასება მე-6 კლასიდან დაგვაწყებინა ქართული ენის მასწავლებელმა მაგდა მანტკავამ. მე-9 კლასიდან უკეთესი პედაგოგი გვყავდა - მონიკო თაბორიძე, რომელმაც შემაყვარა პოეზია და შეძლებისდაგვარად დახვეწა ჩემი გემოვნება, რის გამოც დღემდე მისი მადლიერი ვარ.

1960 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი, რამაც საშუალება მომცა მსოფლიო ლიტერატურას უფრო ფართოდ გავცნობოდი.

1966 წლიდან ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლად მიმიღეს: ჯერ ხელშეკრულებით - ვკრავდი ეკლესიაში გადასატან წიგნებს. შემდეგ მუსიკალურ განყოფილებაში გადავედი. აქაც ბედმა გამიღიმა - არაჩვეულებრივი გამგე-მასწავლებელი ელენე ზაგტრეგერი შემხვდა. ოთხი წლის განმავლობაში ამ განყოფილებაში საბიბლიოთეკო საქმის შესწავლის პარალელურად მოვისმინე მსოფლიო კლასიკური მუსიკის საუკეთესო მუსიკოს-შემსრულებელთა ჩანაწერები, რამაც ჩემს  სულიერ სამყაროს სრულიად ახალი ნათელი შესძინა.

1970-1980 წწ. ქართველოლოგიის განყოფილებაში მუშაობამ ჩემში გააღვივა ეროვნული შეგრძნებები: ბობლიოგრაფ თამარ მაჭავარიანის ხელდასმით ძველი ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფიის მომზადებაში, შემდეგ კი რედაქტირებაში მივიღე მონაწილეობა; განყოფილების გამგე კლარა რამიშვილთან  ერთად გამოვეცით „საბავშვო ჟურნალ-გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია".

1975 წლიდან ეროვნული საგანძური ჩამაბარეს - იშვიათ გამოცემათა და ხელნაწერების ფონდი. ამ ხნიდან დღევანდლამდე ხანდაზმული წიგნების ბედისა და უბედობის მოზიარედ ვიქეცი. თანამშრომლებთან ერთად მიზნად დავისახე ეროვნული ძველნაბეჭდი წიგნების აღრიცხვა, მათი შესწავლა და კატალოგის გამოცემა. ამჟამად ამ საქმიანობის არეალი გაიზარდა - ვმონაწილეობ წიგნებისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საქმეში, რაც ეროვნული წიგნადი საგანძურის შექმნის წინაპირობაა.

ჩემი არაპროფესიული ლიტერატურული საქმიანობა ალბათ იქიდან დაიწყო, როდესაც არდადეგებზე წაკითხული წიგნების შთაბეჭდილებებს, დღიურებს, მეგობრებისადმი გაგზავნილ წერილებს ვწერდი; მცირედი ვიღვაწე თარგმანში; კიდევ უფრო კნინია ჩემი პუბლიცისტური წერილები. ვთვლი, რომ უფრო მკითხველი ვარ, ვიდრე მწერალი, მაგრამ მაინც გავბედე (გამაბედინეს!) და კრებულისთვის შემოგთავაზეთ ეს ორი, სხვადასხვა ჟანრის მოთხრობა. ორივეში ღიმილი ჩავდე და თუ თქვენც იგრძნობთ მას, გამიმართლა!"

ფერიდე  კვაჭანტირაძე

 17.11.2013. თბილისი

P.S. უფრო მოკლედ ასწლოვანი ბიოგრაფიის დაწერა ვერ მოვახერხე. სრულ უფლებას გაძლევთ, თქვენ ამოიღოთ, რასაც ზედმეტად მიიჩნევთ.