ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებული იტალიური ბიბლიოთეკა გაიხსნა
 03/06/2019

ეროვნული ბიბლიოთეკის სტეფანო პაოლინის სახელობის განახლებული იტალიური ბიბლიოთეკა მკითხველებს ელოდება. იტალიური ბიბლიოთეკა საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით შარშან გაიხსნა (ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი, გუდიაშვილის 7). იტალიური ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.

ბიბლიოთეკა ექვსი ათასამდე დოკუმენტს მოიცავს. მათ შორისაა წიგნები, ჟურნალები, ელექტრონული დოკუმენტები (CD, DVD).

„ფონდი დამუშავებულია, აღწერილია და განთავსებულია ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში. ბიბლიოთეკით უკვე აქტიურად სარგებლობენ იტალიური ხელოვნებით - არქიტექტურით, მხატვრობით, მუსიკით დაინტერესებული სტუდენტები, რადგან ფონდი შეიცავს როგორც ლიტერატურას, ისე უნიკალურ ალბომებს, ასევე მუსიკალურ ნოტებს"- განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ციური კოჭლაშვილმა.

„ჩვენი განახლებული იტალიური ბიბლიოთეკა მკითხველებს საინტერესო ლიტერატურას სთავაზობს. იტალიური ბიბლიოთეკა შარშან გავხსენით იტალიის საელჩოს მხარდაჭერით და დასრულებული სახე ახლა მიიღო"- განაცხადა გიორგი კეკელიძემ.