ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ოდესის „ინტელექტ-ფორუმის“ მთავარი სტუმრები იყვნენ
 10/06/2019

ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში, ქალაქ ოდესაში იმყოფებოდნენ. ქართული დელეგაცია ოდესის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის „ინტელექტ-ფორუმის" მთავარი სტუმარი იყო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გიორგი კეკელიძის „გურული დღიურების" უკრაინული თარგმანის პრეზენტაცია. ოდესის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა ოდესის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა ირინა ბირიუკოვამ:  

„7-9 ივნისს ოდესის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა „ინტელექტ-ფორუმი" - ღონისძიება, რომელმაც გააერთიანა მწერლები, გამომცემლები, მკითხველები, ბიბლიოთეკარები - ყველა, ვისთვისაც წიგნის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.

უკრაინის წიგნის გამოფენა „უკრაინული წიგნი ოდესაში" უკვე ოცი წელია იმართება ოდესის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე უკრაინის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც უკრაინული გამოცემები, ისე უკრაინულ ენაზე თარგმნილი უცხოური ლიტერატურა. ამ ღონისძიების ფარგლებში წარმატებით ჩატარდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის წიგნის „გურული დღიურები" უკრაინული თარგმანის (მთარგმნელი რაულ ჩილაჩავა) პრეზენტაცია. წიგნმა ოდესელების დიდი ინტერესი გამოიწვია. ოდესასა და კერძოდ, ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის ურთიერთობებს ღრმა ფესვები აქვს. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან ცვლიდა წიგნებს ოდესის საქალაქო ბიბლიოთეკა თბილისელ კოლეგებთან. ეს წიგნები დღემდე ინახება უკრაინის უძველეს ბიბლიოთეკაში  და მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ ბევრი რამ გაიგონ საქართველოს შესახებ და გაეცნონ ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებებსაც. ოდესაში ქართული წიგნისადმი ინტერესი იზრდება - ოდესის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „ივერიასთან", ქართულ საკვირაო სკოლა „ანა ბანასთან" და ქართული მრავალრიცხოვანი დიასპორის სხვა წარმომადგენლებთან უკრაინაში. ოდესაში საქართველოს საკონსულო აქტიურად უჭერს მხარს ერთობლივ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებს.

ოდესაში ქართული დელეგაციის ვიზიტს წინ უძღოდა 2018 წლის 19 ივლისს ჩვენს ბიბლიოთეკებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მას ხელი მოეწერა ოდესაში საქართველოს კონსულის თორნიკე ბერეკაშვილის აქტიური მხარდაჭერით. ვიზიტისას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა ოდესის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას 60-მდე წიგნი, თანამედროვე ქართული გამოცემები გადასცა საჩუქრად. გულთბილი შეხვედრა გაგრძელდა ჩვენი ბიბლიოთეკების ერთობლივ პრეზენტაციაზე - წარმოდგენილი იყო ცნობილი პოეტის, მხატვრისა და „ვეფხისტყაოსნის" უკრაინულ ენაზე მთარგმნელის პანტელეიმონ პეტრენკოს ხელნაწერები. გამოფენა გახსნეს უკრაინის კულტურის მინისტრის მოადგილემ იური რიბაჩუკმა, ოდესაში საქართველოს კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა, მე - ირინა ბირიუკოვამ და გიორგი კეკელიძემ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა ისაუბრა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში პანტელეიმონ პეტრენკოს წვლილსა და მნიშვნელობაზე, მის უნიკალურ ხელნაწერებზე, რომლებიც გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაზე ფრაგმენტები „ვეფხისტყაოსნიდან" წაიკითხეს ქართული საკვირაო სკოლა „ანა ბანას" მოსწავლეებმა.

ქართულმა დელეგაციამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ოდესის საბიბლიოთეკო სამიტში, სადაც გაიმართა მრგვალი მაგიდა თანამედროვე საბიბლიოთეკო საკითების შესახებ. 70 მონაწილემ უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან გაცვალა თავისი გამოცდილება ინოვაციების დანერგვის მიმართულებით, განიხილეს კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. გიორგი კეკელიძემ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მუშაობაზე, გააცნო კოლეგებს განხორციელებული საინტერესო პროექტები და წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ულამაზესი დარბაზების ვირტუალური ექსკურსია."