ილია ჭავჭავაძის საწერი მაგიდა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა
 14/02/2019

ეროვნულ ბიბლიოთეკას უნიკალური ექსპონატი - ილია ჭავჭავაძის საწერი მაგიდა - გადაეცა საჩუქრად.  ეს უნიკალური ნივთი ბიზნესმენმა დავით ჩაჩანიძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის ტრადიციულმა შემომწირველმა გიორგი რურუამ შესწირეს ეროვნულ ბიბლიოთეკას.  მაგიდა ილია ჭავჭავაძის მემორიალურ კაბინეტში დაბინავდა.

„მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან საქმეებს გვიკეთებენ ბიბლიოთეკისთვის და მთელი ქვეყნისთვის. წიგნის მუზეუმისა და ილია ჭავჭავაძის ოთახისთვის შეძენილი ეს საჩუქარი მართლა მთელი ქვეყნისთვის გაკეთებული საჩუქარია. მთელი მსოფლიოს ბიბლიოთეკებში დამკვიდრებული ტრადიციაა, როცა მათ მოქალაქეები სწირავენ ნივთებს"- განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

„ილია ჭავჭავაძის საწერი მაგიდა პირველად 2003 წელს ვნახე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობა მაგიდის ეროვნული ბიბლიოთეკისთვის გადაცემას შეგვპირდა. განცხადებაც კი დავწერეთ, მაგრამ სამინისტროს ხელმძღვანელობა მალე შეიცვალა და მაგადის გადმოცემის საკითხიც გადაიდო. ახლა კი ილიას ნაქონი მაგიდა, ბიბლიოთეკის მეგობრების დახმარებით, უბრუნდება ილიას ოთახს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ გიორგი რურუას, რომელიც ბიბლიოთეკის ქომაგია და რომელიც არაერთ საქმეში დაგვიდგა გვერდით"- აცხადებს საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის უფროსი ლევან თაქთაქიშვილი.