გაამდიდრე ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე!
 15/06/2022

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წლებია რუდუნებით აგროვებს ფოტოებს. ქართული საზოგადოება კარგად იცნობს ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელის" ფოტომატიანეს, რომელშიც დღეისათვის 200 ათასზე მეტი ფოტოა განთავსებული.

ფოტოკოლექციაში ალექსანდრე როინაშვილის, დიმიტრი ერმაკოვისა თუ სხვა ცნობილი ფოტოხელოვანების კოლექციებთან ერთად არაერთ პირადი არქივიდან მოძიებულ თუ საოჯახო ალბომებიდან ამოკრებილ უაღრესად საინტერესო ფოტომასალას იხილავთ.

ციფრული ფოტომატიანე ნამდვილად საამაყო კოლექციაა, რომლის შექმნაშიც, თავის დროზე, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად მთელი საზოგადოება იყო ჩართული.

საქართველოს ყველა მოქალაქეს მოგმართავთ თხოვნით, მოგვაწოდეთ თქვენს ოჯახებში დაცული ფოტოები!

ეროვნულ ბიბლიოთეკაში მათ გააციფრებენ და ციფრულ ფოტომატიანეში განათავსებენ. ფოტოები მფლობელს დაუბრუნდება. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ფოტოარქივის ბიბლიოთეკისთვის გადაცემას გადაწყვეტს, ის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში შეინახება.

ამით მომავალ თაობას ჩვენი საერთო ისტორიისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შევუნახავთ!   

 საკონტაქტო პირები:

ლევან თაქთაქიშვილი 599 54 82 91

ქეთი თომაძე 595 07 87 40