გამოვიდა სერიის „საქართველოს სახელმწიფოს მეთაურები“ XVIII ტომი
 26/11/2020

გამოვიდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემების სერიის „საქართველოს სახელმწიფოს მეთაურები" XVIII ტომი. ამ ტომში შესულია საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ბესარიონ გუგუშვილის (1991 წლის აგვისტო-დეკემბერი) ოფიციალური დოკუმენტები და ინტერვიუები, რომლებიც პრესაში გამოქვეყნდა. XVIII ტომის რედაქტორ-შემდგენლები არიან  ემზარ ჯგერენაია და მზია ხოსიტაშვილი.

ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემების სერია „საქართველოს სახელმწიფოს მეთაურები" რამდენიმე წელია გამოდის და იბეჭდება საქართველოს პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების, პარლამენტის თავმჯდომარეების საჯაროდ წარმოთქმული სიტყვები, ინტერვიუები, ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც პრესაში ქვეყნდებოდა. ამ სერიით უკვე გამოიცა ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძის, აკაკი ასათიანის და სხვების ერთად თავმოყრილი სიტყვები, ინტერვიუები, ოფიციალური დოკუმენტები.    

გამოცემის იდეის ავტორები არიან ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი ემზარ ჯგერენაია და დოქტორი დორის ფოგლი.