გამოფენა - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის 1028 დღე“
 25/05/2021

25 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ გახსნეს გამოფენა, რომელიც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების იუბილეს მიეძღვნა.    

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული, ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ფოტო და საარქივო მასალები, ასევე ყველა ის მნიშვნელოვანი სიახლე, რეფორმა თუ პიროვნების ამსახველი ფოტოსლაიდი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობასთან.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სახელით ნოე ჟორდანიამ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობა ამცნო. 1917 წლის რევოლუციებისა და დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ საქართველო ჩამოშორდა რუსეთს და აღიდგინა 117 წლის წინ ძალადობრივად ჩამორთმეული სუვერენული უფლებები.

103 წლის წინ, მაშინ, როცა ოფიციალურად შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, საზოგადოება უკვე აქტიურად საუბრობდა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა თანასწორობა, რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლება, შრომითი უფლებები, ქალთა თანასწორობა და ა.შ. ყოველივე ეს კი საბოლოოდ აისახა კონსტიტუციაში, რომლის შექმნაში განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიის მქონდე ადამიანებიც იყვნენ ჩართულნი.

საერთაშორისო მხარდაჭერის მიუხედავად, დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა მხოლოდ 1028 დღის განმავლობაში შეინარჩუნა. სახელმწიფო გადატრიალებისა და დესტაბილიზაციის რამდენიმე მცდელობის შემდეგ, 1921 წლის 11 თებერვალს, წინასწარი განცხადების გარეშე, საბჭოთა ჯარები საქართველოს ხუთ სხვადასხვა ფრონტზე უტევდნენ. 1921 წლის 23 თებერვალს საქართველოს ოსმალეთმაც ომი გამოუცხადა. ქართული ჯარი და სახალხო გვარდია ექვსი კვირის განმავლობაში იბრძოდა გმირულად. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის ჯარმა დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი დაიკავა. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ და მთავრობამ უკანასკნელი სხდომა, ყუმბარების ცვენის ფონზე, ბათუმში გამართა. შექმნილი ვითარების გამო, გადაწყდა: მთავრობის ემიგრაციაში გაშვება და ბრძოლის გაგრძელება კაპიტულაციის ხელმოწერის გარეშე. მიღებულ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან საქართველოს არ უღიარებია ოკუპაციის ფაქტი და მის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს - საქართელოს დამფუძნებელ კრებას - უფლებამოსილება არ მოუხსნია.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციას   რეპრესიები მოჰყვა. დააპატიმრეს, გადაასახლეს ან დახვრიტეს უამრავი ადამიანი, რომელიც ქვეყნის თავისუფლების იდეისთვის იბრძოდა.