გამოფენა „ხმა ქართველი ქალისა“
 05/04/2021

5 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის ბაღში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „ხმა ქართველი ქალისა". გამოფენა 1917 წლის 5 აპრილს კატო მიქელაძის რედაქტორობით გამოცემული პირველი ფემინისტური გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა", 104 წლის იუბილეს მიეძღვნა. გამოფენაზე სიტყვით გამოვიდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, გამოფენის ავტორი სალომე ჭანტურიძე და სხვები. 

XIX საუკუნის დასასრულს მსოფლიოში მომძლავრებულმა ქალთა მოძრაობებმა საქართველოშიც ჰპოვა გამოძახილი. ევროპაში განათლებამიღებული ქალები, შეხვედრების, ლექციებისა და პრესაში გამოქვეყნებული წერილების მეშვეობით, ხალხს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გადასცემდნენ  და რევოლუციური იდეებით ქვეყნის გამოფხიზლებას ცდილობდნენ. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ქალებმა, უდიდესი წვლილი შეიტანეს ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაში,  თავიანთ თავზე აიღეს „განმანათლებლების" ფუნქცია და გარკვეულწილად განაპირობეს იმდროინდელი საქართველოს კულტურული აღმასვლა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული გამოცემები, მასალები „ციფრული ფოტომატიანის" არქივიდან, იმ პერიოდის პოლიტიკოსი ქალების ფოტოკოლაჟები. გამოფენასთან ერთად გაიმართა წიგნის - „ქალები გასული საუკუნიდან 1918-1921 წწ." - პრეზენტაცია.

ღონისძიების მასპინძელი იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: საქართველოს პრეზიდენტი, თბილისის მერია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida), დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი (NCCE).