გარდაიცვალა ტარიელ ფუტკარაძე
 03/01/2021

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს  ცნობილი ენათმეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ტარიელ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს.  

ტარიელ ფუტკარაძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკ „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" სიით. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი. თსუ ახალციხის ფილიალის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. სამეცნიერო ჟურნალის „ქართველური მემკვიდრეობა" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

გამოქვეყნებული აქვს ენათმეცნიერული ხასიათის 330-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები) და 300-მდე პუბლიცისტური წერილი. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა დიალექტოლოგიურ ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.