გიორგი კეკელიძე: ზაზა გახელაძის შვილებს ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ - განათლებით დავძლევთ ოკუპაციას!
 22/07/2021

22 ივლისს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი" კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის ოჯახს ეწვია. მის შვილებს, ანანოს და მარიამს, დაპირებისამებრ, ბიბლიოთეკა მოუწყვეს. გოგონები „გურული დღიურების" ფონდის სტიპენდიატები არიან.    

„ქვემო ჭალაში ჩავედით - ზაზა გახელაძეს და მის საოცარ ოჯახს გათავისუფლება მივულოცეთ. კიდევ - ანანოს და მარიამს დაპირებული ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ. ეს გოგონები მაისიდან ჩვენი ფონდის სტიპენდიატები არიან. დღეს გადავწყვიტეთ და მათ სტიპენდია სკოლის დასრულებამდე შეუნარჩუნდებათ. განათლებით დავძლევთ ოკუპაციას", - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის" დამფუძნებელი, გიორგი კეკელიძე.