დღეიდან, ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებს საერთაშორისო მონაცემთა ბაზებით სარგებლობა სახლიდან შეუძლიათ
 30/03/2020

29 მარტიდან  ერთი წლით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებს საერთაშორისო ციფრული ბიბლიოთეკებით სარგებლობა სახლიდან შეუძლიათ. სახლიდან მონაცემთა ბაზების მასალებზე წვდომის მსურველები დაგვიკავშირდით მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან ფეისბუკის გვერდზე. 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის ჩართულია საერთაშორისო საბიბლიოთეკო კომპანიის, EBSCO-ს აკადემიური წიგნების სრული კოლექცია, ეკოლოგიის სწავლების, გარემოს დაცვის საკითხების მონაცემთა ბაზები. მონაცემთა ბაზები ჩართულია ეროვნულ ბიბლიოთეკასა და პარლამენტის შენობაში.

eBook Academic Collection მრავალდარგობრივი მონაცემთა ბაზა წარმოდგენილია 170 000-ზე მეტი ელექტრონული წიგნით.  ოქსფორდის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის, კემბრიჯის უნივერსიტეტის, კალიფორნიის, ჰარვარდისა და სხვა ცნობილი უნივერსიტეტების უახლესი გამოცემები EBSCO-ს მონაცემთა ამ ბაზაში სრულად შედის. მასში გაერთიანებულია ყველა სხვა ძვირადღირებული და ავტორიტეტული სამეცნიერო გამომცემლობების პროდუქცია. თემატიკა მოიცავს: ისტორიას, ხელოვნებას, განათლებას, ბიზნესსა და ეკონომიკას, ენასა და ლინგვისტიკას და სხვა. კოლექცია მუდმივად ახლდება.

Wildlife & Ecology Studies Worldwide უდიდესი საბუნებისმეტყველო კოლექციაა, რომელიც ინდექსირებულ ლიტერატურას წარმოგვიდგენს. მოცემული მასალები გვაცნობს ბუნებისა და ადამიანის ურთიერთქმედების საკითხებს, ცალკეული სახეობების განვითარებას, დასახლების ტიპებს, ეკოლოგიური ტურიზმისა და თანამედროვე ურბანიზაციის საკითხებს და ასე შემდეგ. აღნიშნულ კოლექციას წლიურად 170 000 კვლევა ემატება.

GreenFILE გვთავაზობს საერთაშორისო სამეცნიერო გამოცდილებას ადამიანის ქმედებების გავლენაზე გარემოს საკითხებში, როგორიც არის გლობალური დათბობა, ეკოლოგიური შენობები, ჰაერის სისუფთავე, მდგრადი კულტურებით ეკონომიკის განვითარება, განახლებადი ენერგია და სხვ.  მონაცემთა ბაზა 384 000 ინდექსირებული სტატიის ანოტაციასა  და 4700 ვრცელ ტექსტს გვიზიარებს.

საერთაშორისო საინფორმაციო კომპანია, EBSCO 1944 წლიდან არსებობს, დღეს კი მსოფლიო ბიბლიოთეკებს ყველაზე ძვირადღირებული ციფრული არქივებითა და მაღალციტირებადი გამოცემებით უზრუნველყოფს. მკითხველებისთვის მასალების გაცნობა და გადმოწერა ამჯერად ინდივიდუალურადაც შესაძლებელია. ბიბლიოთეკით სარგებლობა შეგიძლიათ სახლიდან მონაცემების დაზუსტებისა და პაროლით სარგებლობის შემდეგ. 


დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში და ვირტუალური ბიბლიოთეკით სახლიდან სარგებლობისთვის მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზის ფეისბუკის გვერდზე, ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: maiasimonishvils@gmail.com.

უახლოეს მომავალში, მკითხველებისთვის ჩავრთავთ კომუნიკაციებისა და მასმედიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სრულ ვირტუალურ ბიბლიოთეკას. ბავშვებისთვის ჩავრთავთ  ვირტუალური გაკვეთილების თანამედროვე სასწავლო მასალებს, ჯანდაცვის საკითხების ბიბლიოთეკას, მასმედიის კვლევების სრულ ბაზას და გასართობსაც შემოგთავაზებთ. :)

დარჩით სახლში, გისურვებთ ჯანმრთელობას!

დიდი მადლობა  ჩვენს უცხოელ პარტნიორებსა და ინოვაციური სისტემების მენჯმენტის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის.