ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი სტუდია, სადაც აუდიობიბლიოთეკა შეიქმნება
 14/09/2021

ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში მდებარე ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკასა და ვატო როდონაიას ოთახში მოეწყო სტუდია, სადაც არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება.

სტუდია გაახმოვანებს სასწავლო ლიტერატურას, ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და სამეცნიერო ნაშრომებს, ასევე ქართულ ენაზე გამოცემულ წიგნებს მხედველობის დაქვეითების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის და უბრალოდ მათთვის, ვისაც აუდიოწიგნებით ურჩევნია ინფორმაციის მიღება ნებისმიერ თემაზე. შედეგად, პირველად საქართველოში შეიქმნება აუდიობიბლიოთეკა, რომლითაც სარგებლობა შესაძლებელი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდის www.nplg.gov.ge მომხმარებლებისთვის, როგორც საქართველოში, ისე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

სტუდიაში ჩაიწერება და ბიბლიოთეკის ტელევიზიის (GeoLibTV) იუთუბის და ფეისბუქის არხებზე განთავსდება ქართველ მეცნიერთა ლექციები და სალექციო კურსები, რაც მოგვცემს საშუალებას, ასევე, პირველად საქართველოში, შევქმნათ სამეცნიერო ვიდეობიბლიოთეკა.

საინიციატივო ჯგუფ „დიაგნოზთან" თანამშრომლობით გაგრძელდება თანამედროვეობის ცნობილ მეცნიერთა ვიდეოლექციების თარგმნა და გახმოვანება.

სექტემბრის ბოლოდან ეთერში გავა მეცნიერების პოპულარიზაციისა და განათლების სისტემის ანალიზისადმი მიძღვნილი პოდკასტები.

ვატო როდონაიას ოთახში გაიმართება საუბრები პედაგოგიკის თანამედროვე კონცეფციებსა და მიდგომებზე.