მესხური განმანათლებლობის გამორჩეული წარმომადგენელი, კათოლიკე პატრი დომინიკე
 28/10/2020

1911 წლის 28 ოქტომბერს სოფელ ბეთლემში, საკუთარ სახლში, ავაზაკთა ხელით სასტიკად იქნა მოკლული ამავე სოფლის დამაარსებელი და ჟურნალ „ჯვარი ვაზისას" რედაქტორ-გამომცემელი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, მესხური განმანათლებლობის გამორჩეული წარმომადგენელი, თავისი ქვეყნისა და ხალხის უანგარო მოყვარული, კათოლიკე პატრი დომინიკე.

დომინიკემ პირველდაწყებითი განათლება ცნობილ საზოგადო მოღვაწესთან, ი. გვარამაძესთან მიიღო; 1890 წელს დაამთავრა კონსტანტინოპოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერთან პ. ხარისჭარაშვილის მიერ დაარსებული სასულიერო სემინარია. დომინიკეს ქვეყნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში ახალი თაობის ევროპულ განათლებაში ესახებოდა. მისი პრიორიტეტები სცდებოდა მხოლოდ თეორიული მუშაობის, თავისი წიგნების და ნაშრომების გამოცემას. კონკრეტულ, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეებზე ორიენტირდებოდა. ამის გამო წინააღმდეგობა არ მოჰკლებია არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ და არც კათოლიკე ძმობაშიც. ჟურნალის გამოცემასაც ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა ის გამოვიდა გამორჩეულად სოლიდური, აქტუალური და შინაარსიანი კონტენტით. კათოლიკე ძმობამ მისი სიკვდილის შემდეგ ვეღარ შეძლო ჟურნალ „ჯვარი ვაზისას" გამოცემა (ბოლო, მე-18 გამოცემა 1911 წლის სექტემბერით თარიღდება, ოქტომბრის ნომერი კი ვეღარ მოუსწრია).

პატრი დომინიკე, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, არჩეულ იქნა კონსტანტინოპოლის ქართველთა მონასტრის წინამძღოლად. ამ დროს ის მხოლოდ 47 წლის იყო. დომინიკე დაკრძალულია გორის კათოლიკეთა ეკლესიაში.

ამონარიდი ჟურნალ ჯვარი ვაზისას პირველი ნომრის სტატიიდან „სინდისის თავისუფლება": „სინდისის თავისუფლება არის უძვირფასესი საუნჯე ადამიანისათვის. სინდისის თავისუფლება ჰგიებს მასში, რომ ადამიანმა იქონიოს თავისი საკუთარი ჰაზროვნება და თავისუფლადვე შეეძლოს თავისი ჰაზრების შელახვის ნებას არ გაძლევს, ეწოდების თოლერანცია, ანუ ჩვენებურად მგუებლობა, გამტანობა, დამთმენობა. სხვის ჰაზროვნება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს საკუთარ მსჯელობას, არ უნდა ვდევნიდეთ სხვა რამ საშუალებით, თუ არ შთაგონებით და საბუთების წამოყენებით, მათი ახსნა-განმარტებით."