უნიკალური კომპაქტდისკებისა და ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის დარბაზის წარდგენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 16/06/2021

6 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის დარბაზში ანზორ ერქომაიშვილის მიერ მომზადებული და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გამოცემული 6 უნიკალური კომპაქტდისკის პრეზენტაცია გაიმართა. ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის დარბაზს კი ანზორ ერქომაიშვილის სახელი დაერქვა.

კომპაქტდისკებში ანზორ ერქომაიშვილის მიერ მოძიებული უნიკალური საარქივო ჩანაწერები შევიდა. მათ შორისაა ვარლამ სიმონიშვილის, სამუელ ჩავლეიშვილის, ვანო მჭედლიშვილის, მიხეილ კავსაძისა და აპოლონ ცამციშვილის მიერ გასული საუკუნის პირველ ნახევარში შესრულებული უნიკალური სიმღერები. ერთ-ერთი დისკი კი ვანო სარაჯიშვილის ჩანაწერებს ეძღვნება. ვანო მჭედლიშვილის, მიხეილ კავსაძისა და აპოლონ ცამციშვილის ჩანაწერებზე მუშაობა ანზორ ერქომაიშვილის უკანასკნელი პროექტია. გამოცემები უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ თითოეულ დისკს ახლავს ბატონი ანზორის ანოტაცია, ხოლო ჩანაწერთაგან რამდენიმე პირველად ქვეყნდება.

ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის დარბაზი, რომელიც ფონდ „ქართული გალობის" მხარდაჭერით გაიხსნა, ამ და სხვა პროექტებზე უკვე მეორე წელია წარმატებით მუშაობს.