„ბეჭდვითი სიტყვა თბილისში 1918-1921 წწ.“ - ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა
 02/06/2021

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ პროექტ „თბილისი - წიგნის დედაქალაქთან" პარტნიორობითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოსცა წიგნი „ბეჭდვითი სიტყვა თბილისში 1918-1921 წწ.". წიგნის ავტორები არიან: ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე, ეთნოლოგი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი.

წიგნი მოიცავს თბილისში ბეჭდვითი საქმიანობის შესახებ ცნობებს პირველი რესპუბლიკის პერიოდში. გამოცემაში სრულადაა თავმოყრილი ამ წლებში გამომავალი პერიოდული გამოცემების შესახებ ცნობები. კვლევამ ცხადყო, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში 600-მდე დასახელების წიგნი, 60-მდე ჟურნალი და 150-ზე მეტი გაზეთი გამოიცა. წიგნში 1918-1921 წლების ბეჭდვითი სიტყვა კლასიფიცირებულია თემატურად (საბავშვო, მხატვრული, სამხედრო, სამეცნიერო და სახელმძღვანელო ლიტერატურა), დალაგებულია ქრონოლოგიისა და ანბანის რიგის მიხედვით და ახლავს სათანადო გამოკვლევა.

გამოცემაში ასევე წარმოდგენილია იმ პერიოდში თბილისში არსებული სტამბებისა და ბიბლიოთეკების მუშაობის სპეციფიკა. ასევე თავმოყრილია უნიკალური ფოტო და საარქივო მასალა.    

ამ მასალების შესწავლა და ერთ წიგნში თავმოყრა მნიშვნელოვნად გააადვილებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის, განსაკუთრებით კი მისი დედაქალაქის კულტურული პროგრესის სრულფასოვნად აღქმას.