დაბრუნება ცხოვრებასთან

დაბრუნება ცხოვრებასთან

იყო საღამო, გამოთხოვება,

იყო გარშემო ქარის ტრიალი.

მე ვუბრუნდები ახლა ცხოვრებას,

- მომწყინდა ქუჩა და ხეტიალი.

ახლა თოვლია, ღამე დღეს მისდევს,

კმარა ცრემლები, მეყო წამება;

მიწიდან ცამდე სივრცეა ისევ,

მიწიდან ცამდე შავი ღამეა.

ცა სპეტაკია, მთვარე დაბერდა

და ღამით ფიქრი უფრო ხშირია.

ჩემი ცხოვრება გადასხვაფერდა,

ჩემი ცხოვრება სხვანაირია.

რა ვქნა, გამეფდა სულში ჩრდილები

და პოეზია ჩემთვის ფიცია.

ახ ვმსახურობ, ვემორჩილები

"ახალი სოფლის'' ექსპედიციას.

იყო საღამო, გამოთხოვება,

იყო გარშემო ქარის ტრიალი.

მე ვუბრუნდები ახლა ცხოვრებას,

მომწყინდა ქუჩა და ხეტიალი.

პოეტი 1928 წელს რამდენიმე თვით მუშაობდა გაზეთ “ახალი სოფლის” ექსპედიციაში გაზეთების მკეცავად. ეს ფაქტი მის დღიურებშიც არის დადასტურებული.