მინდა რამ ვთქვა

მინდა რამ ვთქვა

მინდა რამ ვთქვა, მაგრამ რა ვთქვა,

უსამართლოდ ალაგმულმა?

ჩემი გრძნობა უნდა უხმოდ

შიგ ჩაიკლას წყლულმა გულმა!

მე ამ ლაგამს წავიძრობდი,

არ მაქვს უცხოს მორიდება;

მაგრამ რა ვქნა, რომ ხელმარჯვედ

ჩემივე ძმა მეჭიდება!

იმის აზრი სულ სხვა არის

და ულ სხვას გრძნობს ჩემი გული;

მე სხვა რამე მენატრება, -

მაგას ჯილდო, ანუ ფული!

ეჰ, რა მეთქმის? მირჩევნია

უხმოდ მოვკლა გრძნობა გულში

და არვის კი არ მივყიდო

არც ჯილდოში და არც ფულში!..

1880 .