ქალდეას სიზმრები

ქალდეას სიზმრები

მწველი ოცნებით ვკოცნი ნაკვალევს,

ვიგონებ მიმქრალ ქალდეას სიზმრებს,

მოგვ წინაპართა სული გვავალებს,

არ გავეყაროთ დამწვარ ქიმერებს...

ძველისა ქება საქართველოსი

საუკუნეთა ვუალში ჰკრთება.

სიზმართ კოცონმა დასწვა ქაოსი,

აღმოსავლეთი ცეცხლით ინთება.

ცისა ლაჟვარდი რძით დაიცვარა,

დევის ნაფეხურს სდევს სხივთ კამარა,

და დიდ უდაბნოს გაცხელებულ სულს

ღმერთმა კალთები გადააფარა...

ისმის სიმღერა ძველი იმედის...

ისმის სიმღერა დამღუპველ ბედის...

უდაბნო ისმენს, უდაბნო მკვდარი...

უდაბნო - ცხელი სიზმრით დამდნარი...

- ტიგროს, ევფრატი მირწევდა აკვანს

და კუბოს მირწევს რიონი, მტკვარი,

ძველ აღთქმის სიტყვა საფლავს ჩაატანს

- ჟამია, აღდგეს ელიაზარი.

1915 წ.