პარკში

პარკში

ღამდება, მწუხრი ზოზინით მიდის,

პარკში მუსიკა უკრავს ბერლიოზს.

- ვერ გავიგონე, ხვალე თუ როდის?..

რას იმანჭები, სთქვი, ქალო, ბოლოს!

მკვირცხლი სიცილით იცინის ქალი

და ეს სიცილი ღამეში სცურავს;

სატრფო საყვარელს ეძებს დამფრთხალი

და მოლოდინში გულს ლხენით სწურავს...

- აუ, აქა ვარ, - კივის ჭრელკაბა. -

გამოუჩქარე ფეხს, ბარემ, აბა!..

ელვა ელვარე, გიჟი გეტერა,

მუსიკამ ვნებით აასიმღერა...

ვზივარ და ვფიქრობ, არ ვიცი რაზე...

მიყვება სული ხმებად ბერლიოზს,

და ბალაგანის გახსენებაზე

ვიგონებ ვერლენს, რემბოსა და ბლოკს!..

1915 .