ძველი წისქვილი

ძველი წისქვილი

უცნაურ ბინდში გუთნეული მიჰყვება ჭალას,

ქარი არ არხევს ოქროსფერი მინდვრების ჩალას.

ამოდის მთვარე, სადღაც ქოხში იელვებს კვარი,

იქ, სადაც არაგვს უერთდება მდინარე მტკვარი,

სადაც ცვარი სვამს ზამბახების სავსე ფიალას -

შეგვიანებულ გზით გაივლის ხევსური მწყემსი

და მისი სული ვარსკლავების სულზე უვრცესი

ოცნებობს მთვარის სითეთრეში - ვით ქანდაკება.

მას თან მიჰყვება უბრალოთა მშვიდი განგება,

ლურ ზღაპარივით ხავსი ფარავს დაწეწილ წისქვილს.

წყალი იმტვრევა გააკეცილ ბროლის რკალებად

და სინათლეში სილამაზით სავსე ალები

კოჭამდე თმებით შარევანზე აირევიან.

არის კივილი, მღელვარება, ცეკვა, სიცილი

ასი ათასი და მრავალი ათასი ალის,

ამაოდ შიშით შეიშლება გვიანი სული.

აღფრთოვანება-გაგიჟების ხმა არ შეწყდება -

სანამდე რაშით არ წამოვა წმინდა გიორგი!

ხმობა ნელდება, ცა ფითრდება და მზე ამოდის,

წელში მოხრილი ზვირთივით დგას ძველი წისქვილი.