როს ვუკვირდები თავის-თავს

როს ვუკვირდები თავის-თავს

(სიმღერა)

როს ვუკვირდები თავის-თავს

და არ ვემდური მეტადა:

მადლს დავთვლი ათასობითა,

ცოდვა სამ რჩება კენტადა,

მხრები მესხმება, ვიზრდები,

ცად ვიწევ ასაფრენადა;

გაჩნდება სითღაც ნათელი,

გულს ჩამიდგება სვეტადა;

ზღვავდება მწყობრი სიტყვები

ქაღალდზე დასაბღერტადა;

მითრთიან გულის სიმები

სიამოვნების ღმერთადა.

არა ვსთქვა, არ შემიძლიან,

მონა ვარ მაშინ ჩანგისა;

ნაცნობნი მეუბნებიან:

“ჭირიმე შენის ჰანგისა!”

თავადაც მომწონს: საამოდ,

ხმა მწყობრად ადის-დადისა;

ჰქუხს ჩანგი, აღარ ისვენებს,

მეც მხოლოდ მღერა მწადისა;

იშლება, მღერაში დნება

ბუდე ყველა სხვა დარდისა.

ზღვად ვცურავ ნეტარებისა,

წვერი ხელთა მაქვს კალთისა,

უფლის და მისთა მსახურთა

ლოცვა-კურთხევა მამდისა;

კალთაში ვარდი მეშლება,

თავზე მანანა დამდისა.

მადლობელი ვარ მშობლისა,

ჩემის გაჩენის, გაზრდისა.

და თუ ცოდვები მომჭარბდა,

სდუმს ჩანგი, გული ბნელია,

ვცდილობ, რომ ლაღად ვიმღერო,

სიტყვა გავლესო ცხელია;

ამაოდ ვტანჯავ თავის-თავს...

ვამხელ და გასამხელია:

იგივ მარჯვენა და კაცი,

იგივ კალამი მჭრელია

დაჩლუნგებულა, დამდგარა,

შემოჰხვევია გველია.

ჯოჯოხეთში ვარ, ვიწვები,

გაჩენის დღესა ვწყევლია.

ასე ყოფილა, მგოსანსა

თუ მადლი გამოელია.

1907 წ.