ციხიდან
ვერ გავალ გარეთ,
გამეფდა ქარი,
ამოდის მთვარე
და მიდის მტკვარი.
თვალი ივსება,
გული ქარს გაჰყვა.
არ მეღირსება
თბილისის ნახვა.
ეს ღამე მარად
განცდას იძლევა.
და იქ თამარა
ჯაფარიძეა.
დარდი ამ სახის,
გული - მტკივანი.
და თეთრი სახლის
ჩანს აივანი.
და ქარი - ხმაზე,
და წამი - დიდი.
და ვხედავ მთაზე,
რომ ვიღაც მიდის.
ლექსის ადრესატია თამარ ჯაფარიძე. ამის შესახებ მოთხრობილი აქვს მწერალ გენო ქელბაქიანს ტ. გრანელისადმი მიძღვნილ მოგონებაში “ის მხოლოდ პოეზიით ცხოვრობდა”. ჟ. “ცოსკარი” 1966წ. №11; 1967 №1).