ფრონტებზე
დავით გურამიშვილის მამლები. ნოე ჟორდანია დამფუძნებელ კრებაში. რუბენ ქაჯაზნუნის ჭაღარა. დაშნაკელი დეპუტატები. ბრიტანეთის ლომის ტორები. ჯონსონი კასპიისკენ. ბაქოს „სოვდეპია“. პანიკა ტფილისში. კაფე „დარბაზი”. ბოლშევიკების აგენტი. საკონცენტრაციო ბანაკი იანვარში. საქართველო ბალკანეთი. ფრონტის სიმღერები. გლავკოვერხი დრო. სერვერ ბეგ. მოხალისენი ქუთაისიდან. ხევსურები ბერდუჯის წყალზე. ერეკლეს ხაზინა გერმანიაში. ქართველების კამეჩები და სომხების ცხვრები. ეკატერინოფელდი. საღამოს გაზეთები. ოვანეს თუმანიანი. ღამე ტფილისში.
1
- „ვით მამალი
სხვის მამალსა
დამტერდეს და
წაეკიდოს,
მას სცემდეს და
თვით იცემდეს,
დაქოჩროს და
წაეკიდოს,
და ორივე
დაღალული
ძაღლმა ნახოს,
პირი ჰკიდოს,
ეგრეთ ქართლი
და კახეთი
დარჩა თურქთა,
ლეკთა, დიდოს”...
..........
ეს ძველის ძველი
ამბავი არი,
მაგრამ იმ დროსთან,
მე რომ ვიგონებ,
მას აქვს მსგავსება
გასაოცარი.
2
- მოქალაქენო! -
ამბობს ჟორდანია,
დამფუძნებელ კრების
პირველი მამალი. -
ზავის და მშვიდობის
ამოვსწურეთ
ყველა საშუალება,
მაგრამ სომხებმა
იშიშვლეს ხმალი.
და აი ეხლა,
ამას რომ ვამბობ,
სანაინს სომხების
ჯარი არტყია.
ჩვენ იმედი გვაქვს
მოღალატეებს
ღირსეულ პასუხს
გასცემს ჩვენი დემოკრატია.
შეურცხვეს ჭაღარა
რუბენ ქაჯაზნუნს
(სწორედ ამ სიტყვებით
სწყევლიდა ნოე
ახალ ქამს,
მაგრამ მასავით ჭაღარას),
სომხების მთავრობის
თავმჯდომარეს.
დამფუძნებელ კრების
სხვა წევრებმაც
დაჰკრეს ნაღარა,
ცოფიან რისხვის
მოვარდა ქარი
და ერთ წამში
სომხების დეპუტატები
გარეთ გაჰყარა.
- ზიზღი დაშნაკებს,
დაატყვევეთ ჯაშუშები.
გიჟები გვნახეს,
მართლა დასაბამი,
სწორედ ტფილისში
დამფუძნებელ კრებაშია
დაშნაკების შტაბი.
ჩვენ სახლში ზიან,
ღუღუნებენ
გუგულებივით.
- “ერევანში წადით
და დაეხმარეთ
თქვენ ქეციან ჰდროს“...
ერთი კი არა,
ასი ყვირის,
არ მალავენ ბრაზს
და დაშნაკელი
დეპუტატებიც
სტოვებენ შიშით
სასახლის დარბაზს...
ერევანში ამას
სხვა მამალიც
აძლევდა ხმას
არა ნაკლები
ყიყლიყოთი.
და წამოიქოჩრენ
ერთმანეთზე მეზობლები.
ორივე იმაზე ფიქრობს,
თუ რომელმა რომელს
დაასწროს,
„მოსისხლე მტერის”
სისხლი დალიოს,
ყელი გამოღადროს...
3
ამ დროს არ იყო
ლეკი და დიდო.
თურქებსაც ორივე
ფეხი ჰქონდათ
ძირში მოტეხილი.
და დაღლილ მამლებს
ძაღლი კი არა,
თვითონ დიდი
ბრიტანეთის ლომი
ტორით ტორავდა.
და თუმცა ტორი
დიპლომატიის
ხავერდში ჰქონდა -
ამ მამლების ქურდს,
კუდი მაინც
შორით უჩანდა
და ხრამის წყალზე
სომეხის და ქართველის
მოჭრილი თავი
სულ ერთიან
სისხლში გორავდა...
და სისხლიან გზით
მიდიოდა ჯონსონი კასპიისკენ.
აქ მას სხვა მამლები
ეგულებოდა.
ბაქოს ნავთს
ხანძარი მოდებია.
აქ შაუმიანს
და ჯაფარიძეს
ნავთის მუშებისგან
დაუარსებიათ
„სოვდეპია”.
და აქაც დადგა
სისხლი და ტბორი,
აქაც მიწვდა
ჯონსონის ტორი.
4
ტფილისს თავისი
აქვს სატირალი
და ამიტომაც
ასე სტირის:
ტყუილია სომხები
ლაჩრები იყვნენ,
დიდებულად არიან
შეიარაღებულნი.
უთუოდ აიღებენ ტფილისს.
- ვაი სირცხვილო,
- ვაი თავო და თავო,
- ვაი საქართველო,
- ვის გაუგონია
დუქნის ბიჭების ომი?
ეს გვარდია კი არა
თავლაფდასხმაა...
დახე, რომ ომში
კიდეც ეჩრება...
უთუოდ შემოვლენ
ტფილისში სომხები
და მთელ ქვეყანაზე
თავი მოგვეჭრება!..
- ეს მარტო ერთ კაცის
არ არის აზრი,
ასე ფიქრობს
კაფე „დარბაზი”...
5
- რა გინდა, ძმაო,
დღეს თუ გინდა
შენ მოერიე,
ხვალ ხომ უთუოდ
ის მოგერევა.
და ეს ქვეყანა,
სულ ერთია,
მაინც აირევა,
მივადგეთ, ვჟლიტოთ
ასე ერთმანეთი.
ესღა აკლდა -
გახდა საქართველო
მეორე ბალკანეთი.
- ეს ბოლშევიკების
მოყიდული
აქ რას ლაქლაქებს.
ვიცით, თქვენ
როგორ გიყვართ
ზავი და მშვიდობა.
სხვაგან მაინც თქვით -
აქ არ გასაღდება.
ჩვენ აქ სომხებს,
სხვა ტომის ხალხს
მაინც ვებრძვით,
თქვენ კი სახლში
გინდათ ომის
გაჩაღება.
- ჩვენ თუ ვუცადეთ
ერევანში მუშების
გამარჯვებას,
სწორედ ოჯახი
აგვიშენდება.
უმალ უნდა მოხდეს
მეორე წარღვნა,
რომ იქ ლენინმა
გააჩინოს
პროლეტარიატი.
- მაშ არ ყოფილა
სადმე საშველი.
- რა განსხვავებაა,
მენშევიკიც ხომ
დაშნაკელია...
............
აღარ გაათავებინეს.
სტაცეს ხელი.
მოიყვანეს გვარდიელები
და გაგზავნეს
სომხების სემინარიაში.
კარგ დროს გაატარებს
ამ უშეშო იანვარში...
6
შინ რომ ასე იყო,
ჯარიც ფრონტზე
ამას მღეროდა.
მხოლოდ სიმღერა
ქართულს
არა ჰგავს.
ვიღაც უჩინო
თავს უყრის
და ერთმანეთს აბამს.
და მეც არ მინდა
ეს სიმღერა
რომ დავიყვედრო,
ასე რუსულად
გალექსილი
დაგვრჩა ჩვენ ეს დრო:
Главковерх
Армянский Дро,
Вместо шашки
Взял ведро.
Журавей,
Журавей,
Пташечка.
***
Прекрасной
Грузии
Тебе
Не видать.
Пой,
Сервер-бег,
Пой...
Сердце
Успокой.
ქუთაისიდან
მოდიოდნენ
მოხალისენი,
წინ გრიგოლი
მოუძღოდა,
უკან ისინი.
სათითაოდ
გაიპარნენ
მოხალისენი,
წინ გრიგოლი
მიუძღოდა,
უკან ისინი,
ერთი, ორი,
სამი, ოთხი
მოხალისენი.
- „აღსდეგ, გმირთ გმირო,
ნუ გძინავს,
მტერთა ისმიან
ხმანი.
გრძლათ ძილსა
ჩვეულ როდის ხარ,
მოგვიხმე უნჯნი ყმანი!..
ვართ ზოგთა მათგან
მოსული,
ზოგთაგან ცხრანი ძმანი”.
- ეს არ გეგონოთ,
მუშტაიდში
მღეროდეს
კავსაძის ხორო.
ეს ნამდვილი
პანკისის და
შავ არაგვის
ხევსურებია,
შალვა ქარუმიძის
ჩამოყვანილი.
ბერდუჯის წყალზე
ერეკლეს ელიან,
უკვირთ, რომ გზაზე
ჯერ არსად ხვდებათ,
მათი ბაირაღი
არარატს აწვდება.
- ალბათ ბევრი ხევსური
უთუოდ გაიოცებს,
რომ შალვა ქარუმიძემ
ერეკლეს ხაზინა
ბერლინში გადაიტანა
და დაუზოგავად
ბეჭდავს და ბეჭდავს
რუსულ ჩერვონცებს...
7
ცუდად ჰქონიათ მაგ უბედურებს
ომის საღერღელი, ძმაო, აშლილი,
ცოტა მოიცადეთ, კაცი არ ვიყო,
დედას უტირებს მაზნიაშვილი.
მეორეს, ეტყობა, სხვა სარდალი
უფრო იტაცებს
და თავგამოდებით იცავს
გენერალ კვინიტაძეს.
- არსენას სიზმარი ვნახე წუხელის,
მე იმედი მაქვს მარტო ჯუღელის.
- მაისურაძის სისხლს არ შეარჩენს,
ღმერთსაც უტირებს
და ღმერთის გამჩენს.
სირცხვილი, ძმაო,
მხოლოდ ეს არი,
ქართველმა თავი რომ გაუყადროს
მაგ ქეციან ზინვორების ჰდროს.
მალე ნახავენ თავიანთ თამაშს,
თავზე ლაფდასხმულ
ჩათლახ უსტაბაშს...
8
- მიდენიან სომხები
ქართველების კამეჩებს,
მოდენიან ქართველები
სომხების ცხვრებს.
ჯუღელმა თავის ხელით
მოჰკლა გვარდიელი
ქალის გაუპატიურებისათვის,
მაგრამ ეს მაინც
სასოწარკვეთის ჟესტია.
როცა ომია,
მსხვერპლს ვინ ეძებს
ცოტაა თუ მეტია?..
გააქვს ტყვიამფრქვეველს
საშინელი კაკანი,
მოდი და გაარჩიე
დაშნაკცაკანი...
9
ამაღლების ქუჩა,
ნომერი თვრამეტი.
პატრიარქივით
ზის ოვანეს თუმანიანი
და თავის ურიცხვს
შვილებს და ქალიშვილებს
აფიცებს ომში
არ ჩაერიონ.
და ჩემ წერილის
საპასუხოდ
ათავებს წერილს:
- სირცხვილი არი
მეზობლები
ერთმანეთს ჟლეტდეს,
ეს არ შვენის
საქართველოს -
„კავკასიის
საფრანგეთს”...
ბავშვები ქუჩაში
რაც ხმა აქვთ
გაჰკივიან:
- ეკატერინოფელდში
იმარჯვებს გვარდია.
ქართველი ჯარები
ჩავლენ ერევანში,
მწარე იქნება
ჩვენი რევანში.
- გაზეთი, გაზეთი
Вечерная газета,
Вечерние новости,
Покупайте, братцы!
............
ახალ კლუბში,
ბრმა სლუცქის
ორკესტრი,
რაც ხმა აქვს
გუგუნებს
გამარჯვების მარშს,
ქალი და კაცი
ტაშს უკრავენ
ლეკურის თამაშს...
ისმის ღრიანცელი,
მთვრალების ხროტინი
და მერე დედის გინება
გათენებამდე.
დაღლილ ტფილისს
არ ეძინება...
1928 წ.