თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ

***

თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ,

და მაგდებენ საკირეში!

ურცხვად შვიდ-შვიდ პარასკევსა

მითვლიან მე ერთ კვირში!

მამა-პაპის სწორ გზაზედა

სიარულსაც კი მიშლიან,

მაგიერად მათ მრუდ გზაზედ

ფიანდაზებს ფეხთ მიშლიან!

ვერ დავაგდებ ძველსა გზასა,

გინდა იყოს ეკლიანი:

ვიცი, სხვებიც მომყვებიან

ჩემებრ შავბედ-ეტლიანი!

და თუ ვინმემ გადუხვია

და გადასდგა მრუდედ ფეხი,

გაუსკდეს მას დედამიწა

და დაეცეს თავზედ მეხი!

1880 .