ცისა ფერს, ლურჯსა ფერს

***

ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,

პირველად ქმნილსა ფერს

და არ ამ ქვეყნიერს,

სიყრმიდგან ვეტრფოდი.

და ახლაც, როს სისხლი

მაქვს გაციებული,

ფიცავ [მე] არ ვეტრფო

არ ოდეს ფერსა სხვას.

თვალებში მშვენიერს

ვეტრფი მე ცისა ფერს;

მოსრული იგი ცით

გამოკრთის სიამით.

ფიქრი მე სანატრი

მიმიწვევს ცისა ქედს,

რომ ეშხით დამდნარი

შეერთო ლურჯსა ფერს.

მოვკვდები ვერ ვნახავ

ცრემლსა მე მშობლიურს,

მის ნაცვლად ცა ლურჯი

დამაფრქვევს ცვარს ციურს!

სამარეს ჩემსა, როს

გარს ნისლი მოეცვას

იგიცა შესწიროს

ციაგმან ლურჯსა ცას!