ქალი და მგოსანი

ქალი და მგოსანი

ივდითი რომ ქუჩაზე გაივლიდა, ათასი მაყურებლის თვალი აედევნებოდა.

- რა ჯადო აქვს ამ ქალს იმისთანა, რომ ხიბლავს მგოსანს? იტყოდა ერთი.

- სასაცილო ის არის, რომ სულ მაგის ტანზე სწერს, მერე ისე ლამაზად, გეგონება რუსუდან მეფის ტანს აღუფრთოვანებიაო, - ჩაურთავდა მეორე.

- მე კი ვიტყვი, - ამბობდა თავადი სარდიონი, - მაგისთანა ქალს, თუნდა რწყილსაც არ გაეაროს მის საბანზე, ფაშას ჰარამხანის კარებთანაც არ მივუშვებდი. - და ყველაზე უწინ, მარტო მას ეცინება თავის ოხუნჯობაზე. ყველაზე უფრო ანჩხლობდენ განებივრებული, გალაღებული ქალბატონები, რადგან მარტო მგოსანი დარჩათ, რომელიც მათზე არ ოხრავდა.

- დათვი ხეზე როგორ გავა... იავნანინაო, - დაიწყებდა ერთი...

- რომ გავიდეს, ვინ გაუშვებს... იავნანინაო, - მიაყოლებდა მეორე, ხოლო არავინ არ იცოდა, ქვეყანაზე სულ რომ არ ყოფილიყო ქალი, მგოსანი მაინც შეჰქმნიდა მის მომხიბვლელ სახეს...

1913 .