პოემიდან „თვრამეტი წელი“

პოემიდან „თვრამეტი წელი“

ბუენოს აირეს... ალეხანდრო და კასტილია

ეს კაცი იყო გორელი ტელეგრაფისტი ალექსანდრე ტატიშვილი. დასტოვა მრავალრიცხოვანი ცოლ-შვილი და გორიდან წავიდა სამხრეთამერიკაში და იქ რგენტინაში ცხოვრობდა თექვსმეტი წელიწადი. რევოლუციის დროს დაბრუნდა საქართველოში და გააწყო კოლონიალური დუქანი ბუენოს აირესის” სახელწოდებით, თეატრალურ შესახვევში. ალექსანდრედან სახელი კასტილიურად ალხანდროდ გამოიცვალა. გულს უკლავდა მაშინდელი ტფილისის შიმშილობა და ამდენი წუხილისაგან გაკოტრდა კიდეც, დანარჩენი ამბავი ქვევით.

ცხრაას თვრამეტი

წლის ზამთარია,

და ყინავს გარეთ

ტფილისის ღამე.

ჩვენს გარდა ქალაქში

ყველა გამთბარია,

ჩვენ სხვა ბევრიც

გვაკლია რამე.

თითქო ქვაბშია

ეს ტფილისი,

ბუდე ჩამდგარი,

მაგრამ რად იცის

სუსხიანი,

უწყალო ქარი!..

განა აცხობენ

ტფილისში პურს,

საიდან არის

ეს სურნელება?..

თბილ ოხშივარის

მოშორება

რომ გვეძნელება...

ალბათ მსუქნები

დაიბადენ გვარდიელები.

ან სხვანაირად

კვებავს იმათ

თვითონ გოგუა...

მხოლოდ ეს მაინც

ადვილადაც

გასაგებია -

რევოლუცია

მათი არის,

შედავებას

ვინ გაუბედავს?..

ეს აშკარაა,

თუნდა მიტომ,

რომ ყველა ხედავს.

მაგრამ რა უნდათ

ამ მსუქან ვაჭრებს,

რომ სქელ მუცელზე

ხელს ვერ დაადებ.

რის იმედი აქვთ?

და მისით მოდის

ეს ლოზუნგი:

- Бей спекулянтов!...

ჯარიც ახლოა

ნატკოვიჩა“

ირის ეინემ,

ირის ტიანუშკა,

ყველაზე ადრე

გაჩენილი

ბეზპრიზორნები“.

ომის ბეჟენცი“,

ენვერ ფაშას

შვილობილები,

შიმშილის ხელით

მწყობრ რაზმებად

დაწყობილები.

ასეთ ხალხს მართლა

ყველა ლოზუნგს

მალე გაანდობ.

და გამწარებით

ყვირიან ერთად:

- „Оп сестра...

- Бей спекулянтов“...

სამიკიტნოში

კი შეიბნენ

შაშვი კაკაბი:

- ნარი მიყვარს,

ნარი მე,

ნარის სულის

ჭირიმე.

ნარიმანა გოცაძე

შევისწარით კოცნაზე.

... და ამ ეპოქის

კოცნის ბრალია,

რომ ეს სიტყვები

ხალხს ჰიმნად ჰქონდა.

ამიტომ არის

ეს სიმღერაც

რომ მომაგონდა.

ვიღაცას ლანდი

ვიღაცას ლანდს

გულმოსული ებაასება:

საქმე ის არი,

რომ სასახლეში,

სადაც ახლა

პროფსაბჭო არის,

სადაც მუშისგან

მუშებისთვის

წყდება კითხვები,

უცერემონიოდ

გადმოეფინათ

ინგლისელებს

სველი ნიფხვები.

ალბათ ამას

დემონსტრაციის

სახე თუ ჰქონდა,

თორემ ცივ ზამთარში,

ისიც შუაღამისას,

სოველ ნიფხვებს

რა გააშრობდა?

- ეს ის დროა,

როცა გერმანიაში

მოჰკლეს ლიბკნეხტი

და როზა ლიუქსემბურგი;

როცა ბაქოდან

მიყავდათ დასახვრეტად

ალიოშა ჯაფარიძე და

სტეფანე შაუმიანი.

ზუბალოვის

თავშესაფარში

იმალებოდა

მიხა ცხაკაია;

მაგრამ მიაგნეს

მაინც ბასტილიას -

ტფილისში მაშინ

ინგლისელ ჯარებს

პროკლამაციებს

უგზავნიდა

ბესო ლომინაძე:

- ძირს მაკდონალდი!

... გაუმარჯოს ჯონ მაკლინს!

ვინც ჩვენთან არ არის

ჩვენია მტერი!

რა ახლოს იყო

მაშინ კომინტერნი?

............

მაგრამ ზოგი სხვაც

სხვა დროისთვის

გადაგვიდვია.

გახდა შუაღამე

და ოპერის წირვაც

გათავდა.

საბანეევას ხმებით

მღერის მცივანა

ქარი.

სახლი რომ გვქონდეს,

სახლში წასვლა

მაინც ადრეა...

უცნობ პოეტებს

თუ ექნებათ

სადმე კრედიტი,

ეს ალბათ

მხოლოდ არგენტინაში.

„ბუენოს-აირეს“

გვერდითა გვაქვს

და ღვთის წინაშე,

გათენებამდე

ოღონდ მიდი,

არ არის ადრე.

სთვლემს და

ნაღდ მუშტრებს

ელოდება

იქ ალეხანდრე.

ბევრი იარა

ამ საწყალმა

უცხო ქვეყნებში,

არ დაივიწყა

ქართველური

სტუმრის პატივი.

რამდენსაც შესვამ

კახურ ღვინოს

და სჭამ

მშრალ ძეხვებს,

ეს არის მხოლოდ

მისი აქტივი,

თუ გინდა

სახლში წასაღებად

კიდევ გაგიხვევს,

გადმოალაგებს

ქვეყნის დროშებს

სულ ნაირნაირს.

ყველა ქვეყნებზე

საკუთარი აქვს

მოხსენება.

პური რომ ძვირობს

ამ ტფილისში

ეს კარგად იცის,

ამიტომ უნდა

არგენტინის

გამოყენება,

გარეშე საქმეთ

სამინისტროს

ემუდარება:

„კვდება სიმშილით

საქართველო,

როგორც ზამთარში

კვდება ჩიტი

ცივ გალიაში...

პურის საშოვრად

გამაგზავნეთ

კასტილიაში!”..

ვეღარ ეღირსა

ეს საწყალი

ელჩობის მანდატს.

აბა იმისთვის

ვის ეცალა

ამ დაქცევაში!..

მაგრამ ეს წამი

მოსაგონად

საცოდავია,

ხომ მისცეს ელჩი

..........

სკანდინავიას

შემდეგ სადღაცა

კიდევ შეგვხვდა

ჩვენი ბებერი.

ზურგზე ნოხები

წამოეგდო

და დადიოდა.

იყიდეთ მართლა

ეს ნოხები,

მოქალაქენო...

ვერ ნახავთ ვერსად

ასეთ ვაჭარს,

ვაჭარს ღვთისნიერს.

მთელ ქვეყანაზე

მარტო ერთი

ჩვენი ქვეყანა,

გამოზრდის

ასეთ პატიოსან

კომისიონერს!!.

ეჩხუბებოდა სახლში

ბებერს ბებერი ცოლი.

შვილიც ბუზღუნობს,

ქალიშვილი მზითევს

თხოულობს.

და ალეხანდრო

დასდევს ტიტველ

შოტლანდიელებს.

უკვირს, რომ იმათ

არ იციან კასტილიური.

გული მიკვდება,

გეფიცებით,

როგორც ქართველ კაცს,

როცა დუქნებში

ამ ყვითელ ჭადს

მუდამ ვუყურებ;

ამიტომ გევხართ იმერლები

თქვენ მოლაღურებს.

- მოდით უთხარით,

გენაცვალეთ,

ჩვენო მგოსნებო!

(თან ნოხები აქვს

ამოჩრილი მას იღლიაში),

დასვან საკითხი

დამფუძნებელ კრების

სხდომაზე.

პურის საშოვრად

გამაგზავნონ კასტილიაში!..

სადა ხარ ეხლა,

ალეხანდრო,

ჩვენო ძვირფასო!..

შენ დარჩი ისევ

ალბათ მაინც

ფანტასტიური.

დღეს არ იყვირებ:

- პური უნდა ჩვენ ქართველ ხალხს!

არ ეყოფა ცნობა „დე-იურეთ”,

თუკი „მუშკოპის”

და „ხლებ-პროდუქტის

დუქნებს უყურებ.

იქნება მოკვდი

და სიკვდილის წინ

გელანდებოდა

შენ სამოთხედ

ბუენოს აირეს.

ანგელოსებმა

ალბათ გაღირსეს

და უცოდველი,

როგორც ბავშვი

ოკეანისკენ

უკან გაფრინდი.

შენ რომ გხედავდით

ჩვენ გვჯეროდა,

რომ მიქარავდენ

შენთან ყველა

ჟიულ-ვერნები

და მაინ რიდი.

მაშინ მიიღე

ეპიტაფიად

შენ ფანტასტიურ

საფლავის ქვაზე

აი ეს ლექსი,

ათი წლის წინ

მე რომ დაგპირდი...

იანვარი,

1928 .