ისევ შორეულ საგანს ვითვისებ

***

ისევ შორეულ საგანს ვითვისებ,

ახლა ჩემს გულში ბევრი ლექსია.

განმარტოებით ვფიქრობ სიკვდილზე,

განმარტოებით დგას ეკლესია.

შორს დაქრის სული დაუცხრომელი,

საით წავიდა სხეული - ლეში.

ჩანს წერტილივით ქორი, რომელიც

ნელა დაფრინავს მაღალ სივრცეში.

მიდის ეს ქალი და ბავშვი მიჰყავს

და ქარი დასდევს წამების მორევს.

ახლა ჩემს ლექსებს კითხულობს ვიღაც,

კითხულობს ვიღაც და იმეორებს.