მოლოდინში
მიყვარს ჭექა-ქუხილი, როცა არ იცი რას მიეკედლო, როცა დიდი ხე საშიშარია - მეხი არ დაეცეს; მინდორ-ველში კი მარტოობით სული გეხუთება; გრიგალი ქარი მოტაცებას გიპირებს და თვალში გაყრის, რაც მიწას ვერ შესისხლხორცებია; ზევიდან ბნელად დაგყურებს შავი ღრუბელი, ქვევით კოჭებამდის გირტყამს ნიაღვარი.
ბრძოლაა სიცოცხლისთვის, ჩქეფს სისხლი, გავიწყებს წვრილმან უსიამოვნებას, ცდილობ როგორმე სიკვდილს გადარჩე.
მიყვარს მოწმენდილი ცა; ნიავი ოდნავ ეკარება შუბლს; ზურმუხტ ცას მზის შუქი აღიმებს; მწვანე ბიბინებს დამატკბობელად: ხეები ნაზათ იხრებიან, ვით „ჩამოვლის“ დროს მოლეკურე მეგრელის ქალი. ჩიტები სხვადასხვა ჰანგზე უმღერიან თავიანთ სატრფოთ; წყნარათ მიდუდუნებს აცისკროვნებული მდინარე.
გიტაცებს სიამე ქვეყნისა, შენს გულს იმედს ჰგვრის ბუნების მეჯლისი; ასწილ ნეტარებით გადახდილი მწუხარება ითრგუნება, ქრება!
ოხ, ბედო, რათ მაგდებ მუდამ უღიმღამო ბუნებაში! მოღრუბლულა, მხოლოდ აქა-იქ დარჩენილა მოწმენდილი ცის ნაჭერი; მიზოზინებს ღრუბელი და ოდნავ მანათობელ მთვარეს ისევ ყლაპავს თავის წყვდიადში. ვარსკვლავთ გუნდს ვერ მოსძებნი. ძირს მიწაც მიჩუმებულა, თითქოს უცდის მოწყენილი, როდის მოვა განკითხვის დღე და ფიქრობს, როგორ მოვიქცეო; ამღვრეული მდინარეც ვერ ბედავს ნაპირს დაეჯახოს, გვერდს უვლის ბუტბუტით სალს კლდეებს; იგი დროს ელის, ელის ჭექასა და გრიგალს, კოკისპირულს წვიმას, რომ ცით დაიმედებულმა სალი კლდე ქვეშ გათელოს, გზა გაიხსნას.
კრულ იყოს ასეთი დრო მოლოდინისა, დრო ფერმკრთალი სიცოცხლისა!..
1908 წ.