დათოვლილი სანთელი

დათოვლილი სანთელი

საღამო ამნაირ სახის

დარდივით გაჩნდება ისევ.

დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს,

დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს.

გათავდა ცრემლების თოვა,

, ხსოვნას რა ნელა ძინავს.

და თეთრი ქალწული - გლოვა

ეცემა სისხლიან მინას.

და ირგვლივ სამარეს უვლის

ფარული სურვილის ლანდი.

და ჩემი მწუხარე სული

მსგავსია დათოვლილ სანთლის.

ეს მხარე ღამდება, რადგან

ცისფერი იმედი მიდის.

როგორი სიჩუმე დადგა,

, როგორ ჩამოწვა ბინდი.

მე წავალ სხვანაირ სახით,

ჩემს წასვლას დიდება მისდევს.

დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს,

დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს.