ვინ არის ეს ქალი

ვინ არის ეს ქალი?

მიმაფრენდა ნაპრალებზე ლურჯი ცხენი,

გადვიჩეხე,

უკურნებლად დაჭრილი ვარ...

დამეხსენი!

შეკიდებიან მთვარეს, როგორც მძიმე მტევნები,

თეთრ-ვარდისფერი ალუჩები და შადრევნები,

ქანდაკებებმა ჩაიარეს მოხდენილ წყებად.

სადღაც შორს მუსიკა კითხულობდა:

ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალი

ასეთი ცისფერი?

ჩახმახის წუთი, ბნელ სივრცეში აშლილი ბოლი,

შავი ყვავილის სამუდამოდ მკვდარი ფოთოლი.

ლიუციფერი:

- ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალი

ასეთი ცისფერი?