მოლოდინი

მოლოდინი

მცირე რამ ნისლის ნაწყვეტი

მთას ეკრა ბუმბულივითა,

ჰშვენოდა ფიქრებში გართვა,

მინდორზედ სუმბულივითა.

მთის წვერებს მოსდევს ნიავი

ნადირის სუნსულივითა.

ბუნება ნანობს ცოდვასა,

იუდა სულ-კრულივითა.

- რას უცდი, ნისლო პატარავ,

დაკერებული მთაზედა?

- რასა? ვერ თუ ჰგრძნობ, ძმობილო,

მტერი ჩამიდგა გზაზედა!

როგორ ვერ ჰხედავ გვალვისგან

დამწვარ-დაბუგულს მიწასა?

თავის ძმისწული მოუკლავ

გაბოროტებულს ბიძასა;

მშობლებზედ მეტად სწყენია

გაზდილის ერთგულ ძიძასა.

თვალები მთელის ქვეყნისა

შემომცქერიან თხოვნითა,

ეგებ როგორმე დავიხსნა

სოფლის ამაგი გოლვითა.

სწორედ ამისთვის დავფიქრდი

და ვეხვეწები ზეცასა:

გამზარდოს, მომცეს ძალ-ღონე,

ვეწამლო ქვეყნის კვნესასა;

გამზარდოს, ღრუბლად მაქციოს,

მძიმედ დამტვირთოს წვიმითა,

რომ მოვრწყო გული ქვეყნისა

დაუშრობელის მილითა;

ავაჭიკჭიკო ბულბული

საღამოთი და დილითა

და წარვსდგე ჩემს მეუფესთან

ხელთ ანთებულის ცვილითა.

1892 წ.