ომის წინ ჯარის სიმღერა

ომის წინ ჯარის სიმღერა

გული გავლესოთ გრძნობითა,

საცაა დაჰკრავს ნაღარა;

ერთი დავსძახოთ ქართულად,

ხვალ არ გვეცლება, აღარა;

ხვალ გვინდა ცემა მტრისადა,

ხმლის ქნევა, ფარის ფარება,

შავის, შავხალის ხანჯრისა

მტრისად გულ-ღვიძლში ტარება,

სისხლის სმა ღვინის მაგივრად,

ცხენთა ფიცხელთა მალება.

დაე, იტირონ დედათა

შვილთა ლაშქარში წასვლაზე:

ან ვისახელოთ, ან გავწყდეთ

ომში პირველად ჩასვლაზე.

იხილოს მიწამ მშობელმა:

გული გვაქვს პაპათეული,

სისხლი გვიფუის ძარღვებში,

სისხლი ლაშქრობას ჩვეული,

მკლავიც გვაქვს შამქორს ნაცადი,

არა ვართ გამორჩეული!

1888 წ.