ორპირელი კომკავშირელი კრემლში

ორპირელი კომკავშირელი

კრემლში

მე თვითონ მივხვდი, არა ვარ მარტო

და ჩემში მღერის მთელი კოლხიდა,

გაეხსნა მგოსანს დღეს შარა ფართო

და გამოვიდა თავის ქოხიდან.

ეზოდან ეზოს, შუკიდან შუკას

მივყვები, ჩემ წინ ჰყვავის ორპირი,

მზე სიცოცხლისა ვინც გაგვიშუქა,

ყველა მისი ვართ დღეს ოქროპირი.

ვხედავ ბედნიერ მეზობელს, თვისტომს,

რომ აუღიათ კალამი ხელში,

გულზე მომსკდარი პალიასტომი

უნდათ გამოსთქვან ერთ დიდ სახელში.

და იწერება დიდი უსტარი,

ათასი გულის ფეთქვით შეკრული,

თითქო ცის გახსნილ კარს მივუსწარი,

გავხდი მგოსანი მათი ერთგული.

ჩვენ ბავშვობიდან ასე გვჯეროდა

ბედნიერება ხელს არ აგვაღებს,

რაზედაც გული მუდამ მღეროდა,

ეზოში ვხედავთ ციტრუსის ბაღებს.

დიადი გეგმა აქ ახდენილა,

მწვანე წალკოტში ჩვენ ვართ ჩაფლული,

წავიდა შავი ზამთარის დილა

და სამუდამო დგას გაზაფხული.

კარის მეზობლებს და სახლიკაცებს,

მინდა გულის ხმით ერთად მოგმართოთ,

თქვენ გრძნობის მორევს რა ლექსი აწევს,

თუმცა ორპირის გული მაქვს ფართო.

აქედან ვხედავ იმ ორპირელ ბიჭს,

კრემლში პატაკით როცა წარსდგება,

ვგრძნობ ჩემი მიწის მე მტკიცე ნაბიჯს,

ამ ფიქრისაა ის განაღდება...

იტყვის, თუ როგორ ებრძოდა რიონს

ლაფში ჩაფლული ჩვენი სოფელი,

სიღატაკე რომ მოიგერიოს,

ნახოს ცხოვრება ცხოველმყოფელი.

მესმის მისი ხმა მუდამ გულწრფელი,

როგორ ამაყად გაიყურება!

როგორც შავი ზღვის სავსე ღრუბელი,

მადლობის გრძნობით დაიწურება.

ისმის გრიალი ათასი ტაშის,

ათასხმიანი მაღალი ვაშა -

ფარავს მოედანს, დროშებად გაშლილს,

ზღვად მოვარდნილი ხალხი ერთბაშად.

ძველი დიდებით აღსდგა კოლხიდა

და დაეუფლა ძველ ოქროს ზოდებს,

და გამოსული საწყალ ქოხიდან

ამ ხმას პოეტი მთელ ხალხში მოსდებს.

ჩემ გმირს ორპირელს დახვდება დედა,

კოლმეურნეთა ნახირს მოდენის,

ბედნიერებამ თვალში შეხედა,

მათ საერთო აქვთ შრომის ორდენი.

გადაეხვევა საყვარელ პირმშოს,

დაჯილდოებულ მკერდს დაუსველებს

და სიხარულის ცრემლის კურცხალი

დაეპკურება ნარინჯის ველებს.

გაიხარებენ სახლის კაცები,

ბედნიერების მოკავშირენი,

საერთო არის დღეს აღტაცება,

როცა იმარჯვებს კომკავშირელი.

ასე ახდება ცხადად სიზმარიც

და არგონავტთა მეკობრის აფრებს

განახლებული კოლხიდის მხარე

წინ დაახვედრებს კავკასის ალპებს.

ბედნიერია ივერთა მოდგმა,

ისმის გამწევი ხასანბეგური“

და დაგუბებულ აქ ჩელას“ მოთქმას

შეცვლის ახალი ფაცხა მეგრული”.

წარსული არის აქ ჩელას მოთქმა,

ფაცხა მეგრული წარსული არი.

1937 წ.